შსს: გეკა გელაძემ მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს თბილისში გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეების მხრიდან განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო ქმედებების შედეგად დაშავებული სამართალდამცველები მოინახულა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს თბილისში გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეების მხრიდან განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო ქმედებების შედეგად დაშავებული სამართალდამცველები მოინახულა.

უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრმა დაზარალებული სამართალდამცველების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ექიმებისგან დეტალური ინფორმაცია მოისმინა და პოლიციელებს მადლობა გადაუხადა სამსახურებრივი მოვალეობის ღირსეულად შესრულებისთვის.

„გუშინ ძალადობრივ აქციაზე დაშავდა 30-ზე მეტი პოლიციელი, რომელთა ნაწილი გაწერილი იქნა სახლში საშუალო დაზიანებებით. სამედიცინო დაწესებულებაში დარჩა მხოლოდ ორი სამართალდამცველი, რომელთა მდგომარეობაც საკმაოდ მძიმე გახლდათ გუშინ, დღეს კი შედარებით სტაბილურობა გვაქვს. ექიმების განმარტებით, მალე უკეთესობა გვექნება.

მსურს, თითოეულ პოლიციელს, რომელიც გუშინდელ აქციაში იღებდა მონაწილეობას, მადლობა გადავუხადო – პროპორციული ძალა საკმაოდ მაღალი სტანდარტით იქნა გამოყენებული.

მინდა, ასევე, საზოგადოებამ იცოდეს, რომ ნებისმიერ კანონდარღვევაზე იქნება უმკაცრესი რეაგირება. ვერ შედგა მშვიდობიანი დამხობა, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ შედგა მშვიდობიანი დაშლა“, – განაცხადა გეკა გელაძემ მედიასთან გაკეთებულ კომენტარში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები