ბრიტანეთის, კანადისა და ავსტრალიის შემდეგ, პალესტინის სახელმწიფოებრიობა პორტუგალიამაც აღიარა
პორტუგალიამ ოფიციალურად აღიარა პალესტინის სახელმწიფო, – ამის შესახებ, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პაულო რანხელმა განაცხადა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, რანხელმა აღნიშნა, რომ ორი სახელმწიფოს შექმნა სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისკენ მიმავალი ერთადერთი გზაა.
“პალესტინის სახელმწიფოს აღიარება პორტუგალიის საგარეო პოლიტიკის ფუნდამენტური და მუდმივი ხაზის რეალიზაციას წარმოადგენს”,- აღნიშნა მინისტრმა.
ისრაელის ხელისუფლებამ უკვე გააკეთა მკაცრი განცხადება და ლისაბონის ნაბიჯი „არასამართლიან და მტრულ ჟესტად“ შეაფასა. პალესტინის ხელმძღვანელობამ კი პორტუგალიის გადაწყვეტილებას „ისტორიული“ უწოდა და განაცხადა, რომ ეს კიდევ ერთი ნაბიჯია ფართო საერთაშორისო აღიარებისკენ.
ცნობისთვის, 21 სექტემბერს პალესტინის სახელმწიფოებრიობა კანადამ, გაერთიანებულმა სამეფომ და ავსტრალიამ აღიარეს, ხოლო გაერო-ს გენერალური ასამბლეის შეხვედრაზე იმავე ნაბიჯის გადადგმას კიდევ 6 ქვეყანა აპირებს.
ანალიტიკოსების შეფასებით, დასავლელი პარტნიორების ეს გადაწყვეტილებები მნიშვნელოვან ზეწოლას ახდენს აშშ-ზე და სხვა ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე, რომლებიც ამ ეტაპზე ოფიციალური აღიარებისგან თავს იკავებენ.