“ზოგადად, საქართველოსა და საფრანგეთს შორის ისტორიული ურთიერთობაა, როგორც ჩვენს პირველ რესპუბლიკასთან, ისე დღესდღეობით ჩვენი ქვეყნის განვითარებაში მათ მნიშვნელოვანი პოზიციები აქვთ”, – ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„იცით, რომ საფრანგეთს საქართველოში ჰყავს ახალი ელჩი, რომელსაც მე დღეს შევხვდი და გვქონდა ძალიან ნაყოფიერი საუბარი. ვისაუბრეთ ყველა საკითხზე, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო და დარწმუნებული ვარ, მისი განწყობიდან გამომდინარე, რომ შესაძლებელი იქნება, ის ურთიერთობები, რომელიც გვინდა, არსებობდეს ჩვენს ქვეყნებს შორის, ეს ურთიერთობები დაუბრუნდება ამ წერტილს.
ჩვენი მხრიდან ურთიერთობები ვერ გაფუჭდება. ჩვენი ინტერესი არის, ყველასთან გვქონდეს კარგი ურთიერთობა და არ ვიყოთ ესკალაციაში რომელიმე ქვეყანასთან, განსაკუთრებით, როდესაც საფრანგეთზე ვსაუბრობთ. ამიტომ, ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა ღია ურთიერთობისა, რომელიც დამყარებული იქნება ურთიერთპატივისცემაზე. ჩვენი ერთადერთი წინაპირობა არის ურთიერთპატივისცემა, ერთმანეთის სუვერენიტეტის პატივისცემა. ვფიქრობ, საფრანგეთის ახალი ელჩი ამ მხრივ ძალიან მოწადინებულია და ჩვენი მხრიდან მას ექნება ყოველგვარი ხელშეწყობა, რომ ეს ურთიერთობები დაბრუნდეს იმ ნიშნულზე, სადაც გვინდა, რომ ვიხილოთ ის. ამ მხრივ ყველაფერს გავაკეთებთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.