„ფილარმონია – დროის კადრები“ – საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა პროექტს იწყებს
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა „სთარინგ ჯორჯიასთან“ ერთად იწყებს პროექტს — „ფილარმონია დროის კადრები“.
ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში გაცოცხლდება თბილისის ისტორიულ საკონცერტო დარბაზთან დაკავშირებული საარქივო მასალები, რომლებიც წლების განმავლობაში სხვადასხვა საცავში ინახებოდა და ფართო საზოგადოებისთვის მიუწვდომელი იყო.
„პროექტი „ფილარმონია დროის კადრები“ ფოტო-ვიდეო მასალისა და აუდიო ფირების გაციფრულებას გულისხმობს.
ათწლეულების შემდეგ პირველად ერთად შეგროვდება მიმოფანტული საარქივო მასალები და განთავსდება ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრულ ბაზაში. ამით მასალები ხელმისაწვდომი გახდება როგორც მკვლევრებისთვის, ისე ფილარმონიის ისტორიით დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის.
ფილარმონიის შენობა 1971 წელს გაიხსნა და ამ ხნის განმავლობაში არაერთ ქართველ თუ მსოფლიო ვარსკვლავსა და საერთაშორისო დონის ღონისძიებას უმასპინძლა.
მრავალი წლის განმავლობაში ფილარმონია იყო რეგიონის კულტურული ცენტრი, რომელმაც მილიონობით ადამიანი გააერთიანა და თბილისის სავიზიტო ბარათის სტატუსსაც დამსახურებულად ატარებდა“, – წერია ინფორმაციაში.