კახა კალაძე აქციების დაფინანსებაზე: სქემა, რაც ჰქონდათ, გაშიფრულია და ახლა უნივერსიტეტების გავლით თანხების შემოტანა დაიწყეს
„გიორგი ბაჩიაშვილი რომ აქციებს აფინანსებს, ეს სიახლე არ არის. ის თავიდან ბოლომდე პოლიტიკურ პროცესებშია ჩართული“, – ამის შესახებ, დედაქალაქის მერმა მედიასთან ისაუბრა.
კახა კალაძის თქმით, „იმედის კვირის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ საპროტესტო აქციებს საქართველოს უნივერსიტეტი და თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი აფინანსებენ, მისთვის სიახლე არ არის.
„ის სქემა, რაც ჰქონდათ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით, რევოლუციები მოეწყოთ, საზოგადოება გაეხლიჩათ, მთლიანად გაშიფრულია. ახლა უკვე უმაღლესი სასწავლებლების გავლით თანხების შემოტანა დაიწყეს, თუმცა, ყველაფერს მიეხედება და კანონის ფარგლებში შესაბამისი პასუხი გაეცემა. გიორგი ბაჩიაშვილი რომ აქციებს აფინანსებს, ეს სიახლე არ არის და ამას თავადაც არ უარყოფდა. თავიდან ბოლომდე პოლიტიკურ პროცესებში ჩართული იყო და ამით ცდილობდა, თავისი დანაშაული როგორმე გადაეფარა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება ოპოზიციის გეგმებს და მათი მხრიდან ხელისუფლების ე.წ. მშვიდობიან დამხობაზე საუბარს, თბილისის მერის თქმით: „4 ოქტომბერს არაფერი მოხდება. ერთადერთი მოხდება ის, რომ ვიზეიმებთ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გამარჯვებას. ეს იქნება ჩვენი ქვეყნისა და ხალხის გამარჯვება“.