გრძელიშვილი: “ტვ პირველის” “ჟურნალისტურ გამოძიებებზე” სერიოზულად საუბარი შეუძლებელია – ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის “უახლოესი წევრი” – მუხიგულაშვილი ივანიშვილის ბიძაშვილის შვილის მეორე ქმარი ყოფილა 2 თვით, მისი ინფორმაცია რომ სრული ბოდვაა, აქედანაც ჩანს

„ტვ პირველის“ „ჟურნალისტურ გამოძიებებზე“ სერიოზულად საუბარი შეუძლებელია, ეს საზოგადოებამ კარგად იცის, თუმცა, მოსახლეობის ინფორმირებისთვის, ვფიქრობ, რამდენიმე სიტყვა უნდა ვთქვათ მათ მიერ „მოძიებული“ კადრის – ვინმე გიორგი მუხიგულაშვილის შესახებ, რომელიც, თურმე „წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის უახლოესი წევრი იყო“, ოღონდ ისე, რომ არათუ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, არამედ ნათესავთა წრემაც კი არაფერი იცის ამ ადამიანის შესახებ”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” კომუნიკაციების სამსახურის ხელმძღვანელი, გიორგი გრძელიშვილი აცხადებს.

როგორც გიორგი გრძელიშვილი აღნიშნავს, “გაირკვა, რომ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის “უახლოესი წევრი”, გიორგი მუხიგულაშვილი, ივანიშვილის ბიძაშვილის შვილის მეორე ქმარი ყოფილა ორი თვით, ამიტომაც მისი „ინსაიდერული ინფორმაცია“ რომ სრული ბოდვაა, მხოლოდ ამ გარემოებიდანაც ჩანს”.

გრძელიშვილი “აბსურდს” უწოდებს მუხიგულაშვილის განცხადებებს და აღნიშნავს, რომ უკვე კარგა ხანია, საზოგადოებამ იცის და ეს საჯაროდაც არაერთხელ გაჟღერებულა, რომ უცხოური ძალები ყველაზე აქტიურად სწორედ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვაში მყოფი ადამიანების გადაბირებას ცდილობენ.

„ტვ პირველის“ „ჟურნალისტურ გამოძიებებზე“ სერიოზულად საუბარი შეუძლებელია, ეს საზოგადოებამ კარგად იცის, თუმცა, მოსახლეობის ინფორმირებისთვის, ვფიქრობ, რამდენიმე სიტყვა უნდა ვთქვათ მათ მიერ „მოძიებული“ კადრის – ვინმე გიორგი მუხიგულაშვილის შესახებ, რომელიც, თურმე „წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის უახლოესი წევრი იყო“, ოღონდ ისე, რომ არათუ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, არამედ ნათესავთა წრემაც კი არაფერი იცის ამ ადამიანის შესახებ.

როგორც გაირკვა, ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის „უახლოესი წევრი“ გიორგი მუხიგულაშვილი ბიძინა ივანიშვილის ბიძაშვილის შვილის მეორე ქმარი ყოფილა, ორი თვით…

ამიტომაც მისი „ინსაიდერული ინფორმაცია“ რომ სრული ბოდვაა, მხოლოდ ამ გარემოებიდანაც ჩანს.

მუხიგულაშვილის გარემოცვის უახლოესი წევრობაც ისეთივე აბსურდია, როგორც ის, რომ ბიძინა ივანიშვილი თურმე „ნათესავების გაჭირვების ყურებით ტკბება“ და ეს მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა ქველმოქმედებისგან აბსოლუტურად დამოუკიდებლად, არათუ მეგობრებსა და ნათესავებს ეხმარება ფინანსურად, თანაც სისტემატურად, არამედ საკუთარ სოფელში 400 ახალი სახლი აუშენა მოსახლეობას, საჩხერის 12 ათას მოსახლეს კი სახლი გადაუხურა.

უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ქველმოქმედების ფარგლებში, ბიძინა ივანიშვილი აფინანსებდა იმ ადამიანებს, ვისაც ქვეყნის წინაშე აქვთ დამსახურება, ხოლო მეგობრებს და ნათესავებს, ჯამში ასეულობით ადამიანს, ყოველთვიურად, როგორც ხელფასს და პენსიას, ისე უხდის თანხას და ეხმარება ფინანსურად. ამას ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო აქტივობებთან კავშირი არ აქვს.

ესეც რომ არა, ვინმე გიორგი მუხიგულაშვილს სურს საქართველოში ვინმეს დააჯეროს, რომ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი ქველმოქმედი საკუთარ მეგობრებს და ნათესავებს არ ეხმარება.

თუმცა, ამაზე ღიმილისმომგვრელი ის გახლავთ, რასაც სიუჟეტში მუხიგულაშვილი დიდ საიდუმლოდ ასაღებს. რეალურად, უკვე კარგა ხანია საზოგადოებამ იცის და ეს საჯაროდაც არაერთხელ გაჟღერებულა, რომ უცხოური ძალები ყველაზე აქტიურად სწორედ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვაში მყოფი ადამიანების გადაბირებას ცდილობენ.

ასე რომ, თუკი ვინმეს ამერიკის შეერთებული შტატების 10 წლიანი ვიზის მიღება უნდა, ჯერ ბიძინა ივანიშვილის დაცვის სამსახურში უნდა აღმოჩნდეს, ამის შემდეგ კი ვიზას უპრობლემოდ მიიღებს.

პ.ს. გიორგი მუხიგულაშვილმაც, როგორც „ბიძინა ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის წევრმა“, ანუ ორი თვით ბიძაშვილის შვილის მეორე ქმარად ყოფილმა, შესაძლოა სწორედ ამ კრიტერიუმის დაკმაყოფილებით მიიღო ვიზა”, – აცხადებს გიორგი გრძელიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები