მარიამ ქვრივიშვილი – არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის ვიზიტზე: ჩვენი მხრიდან ცალსახად ხაზი გაესვა ჩვენს მოტივაციას და მიზანს, რომ გავზარდოთ პირდაპირი ინვესტიციები საამიროებიდან საქართველოს მიმართულებით

“ჩვენს ქვეყანაში ამხელა მოცულობის ინვესტიცია არასდროს განხორციელებულა. ექვსი მილიარდიდან, ექვს ნახევარ მილიარდ დოლარამდე მერყეობს ინვესტიციის მოცულობა, რომელიც გულისხმობს ორი უმსხვილესი პროექტის განხორციელებას გონიოსა და დედაქალაქში”, – ამის შესახებ „იმედის კვირას“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანის ვიზიტის შეჯამებისას განუცხადა.

„ჩვენი მხრიდან ცალსახად ხაზი გაესვა ჩვენს მოტივაციას და ჩვენს მიზანს, რომ გავზარდოთ პირდაპირი ინვესტიციები საამიროებიდან საქართველოს მიმართულებით. ბევრი ვისაუბრეთ ტურიზმის, ავიაციის და სხვა მომიჯნავე სექტორების განვითარებაზე და ვფიქრობ, რომ აღნიშნული ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვან ფუნდამენტს შექმნის უახლოეს მომავალში ხელშესახები შედეგების მისაღებად.

ჩვენთვის ძალიან სასიხარულო იყო იმის მოსმენა, რომ საქართველოს, როგორც ქვეყნის, განვითარების გზა ფასდება ძალიან დადებითად. ის, რომ საქართველომ შეძლო და შეინარჩუნა მშვიდობა, სტაბილურობა, მდგრადი ეკონომიკური განვითარება, ის, რომ გასულ წელს 9,4% იყო ეკონომიკური ზრდა, ორი წლის წინ კი 9,7% და ის, რომ მიმდინარე წელს პირველი 8 თვის განმავლობაში 8%-იანი საშუალო ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ცხადყოფს იმ სწორ პოლიტიკას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ხორციელდება. რა თქმა უნდა ეს უზრუნველყოფს იმას, რომ ინვესტორებს უჩნდებათ ძალიან დიდი ნდობა“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი, შეიხი მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანი თბილისში ვიზიტით 19 სექტემბერს იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები