შენი პირველი არჩევნები – ცესკო-ს თავმჯდომარის მიმართვა ახალგაზრდა ამომრჩეველს, მას ვინც პირველად მონაწილეობს არჩევნებში
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი, ახალგაზრდა ამომრჩეველს მიმართავს, მას ვინც პირველად მონაწილეობს არჩევნებში.
„4 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები გაიმართება. საქართველოს მოქალაქეები ოთხი წლის ვადით აირჩევენ საკუთარი მუნიციპალიტეტების მერებსა და საკრებულოების წევრებს. ამ მოქალაქეებს შორის იქნები შენც და კიდევ 46 000-ზე მეტი ის ახალგაზრდა, ვინც წელს პირველად შეძლებს არჩევნებში მონაწილეობას.
აქტიურ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში შენი პირველი ნაბიჯი საარჩევნო უფლების გამოყენებაა. სწორედ ამ არჩევნებზე შენ პირველად გაქვს შესაძლებლობა მიიღო მონაწილეობა არჩევნებში – პროცესში, რომელიც დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის უმნიშვნელოვანესია.
ასე რომ, როცა პირველად ემზადები ხმის მისაცემად, გახსოვდეს, რომ ეს არის შესაძლებლობა, წვლილი შეიტანო შენი ქვეყნის, ქალაქისა თუ თემის მართვასა და მომავლის ფორმირებაში. მხარი დაუჭირო შენთვის საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებს, ხელი შეუწყო დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებასა და საარჩევნო კულტურის განვითარებას.
არ იფიქრო, რომ ერთი ხმა არაფერს ცვლის. ყველაფერი ერთი ხმიდან იწყება, განსაკუთრებით, როცა ეს შენი ხმაა. შენ წყვეტ ვინ იქნება შენი მერი, ვინ იმუშავებს შენს საკრებულოში და სწორედ ეს არჩევანი განაპირობებს იმას, თუ როგორი იქნება ადგილი, სადაც ცხოვრობ და რომელზედაც გული შეგტკივა.
საარჩევნო ადმინისტრაციისთვის და პირადად ჩემთვის, როგორც ამ უწყების ხელმძღვანელისთვის, საარჩევნო პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ეს არის ჩვენი საერთო საქმე. სწორედ ამიტომ, მოგმართავ – გამოიყენე შენი უფლება, მოდი არჩევნებზე და აირჩიე შენი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობა.
საუკეთესო სურვილებით, გიორგი კალანდარიშვილი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე“, – აღნიშნულია მიმართვაში.