“2008 წელს რუსეთთან გვქონდა ომი, აწამეს და მოკლეს ანწუხელიძე; მაშინ „ნაცმოძრაობამ“ მოაწერა ხელი რეზოლუციას, სადაც აღიარეს, რომ ომი საქართველომ დაიწყო – უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გახდა ანწუხელიძე გმირი მათთვის?” – ყაველაშვილი
“ეს არის ერთი სცენარი, ერთი ქსელი, რომელიც გარედანაა დაფინანსებული. ამაში ჩართულია მთელი ოპოზიცია. აშშ-ის დაზვერვის ხელმძღვანელი საუბრობს იგივე თემაზე”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტის კითხვაზე აღნიშნა, რომელიც შეეხებოდა სხვადასხვა ჯგუფისა თუ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებებს, რომ საქართველოს ხელისუფლება პრორუსულია.
„მინდა, პასუხი გავცე ბატონ ჯაფარიძესაც, რომელიც 2012 წლის შემდეგ გახდა ნაციონალური მოძრაობის პარტიის წევრი, სადაც თვითონ აღიარა რომ დანაშაულს ჩადიოდა. პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრებს აწამებდნენ, ამის შესახებ მთავრობაში ყველამ იცოდა და მან გააჟღერა ეს პირველად. ამის შემდეგ ეს ადამიანი ხდება იმ დანაშაულებრივი პარტიის წევრი, რაზეა საუბარი?
ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატზე იყვნენ აქტივისტები მივარდნილი, თითქოს სპორტსმენების წინააღმდეგ – ბანერები და სურათები ჰქონდათ ანწუხელიძეს. რა თქმა უნდა, ყველასთვის სათაყვანებელი გმირი გვყავს, მაგრამ რა მინდა გავახსენო ამ ადამიანებს – 2008 წელს რუსეთთან გვქონდა ომი, მაშინ აწამეს და მოკლეს ანწუხელიძე. მაშინ ნაცმოძრაობამ მოაწერა ხელი რეზოლუციას სადაც აღიარეს, რომ ომი საქართველომ დაიწყო და ქართველ სამხედროებს, ანწუხელიძეს დააბრალეს ეს ყველაფერი. ამის შემდეგ, ზუსტად ერთი წლის შემდეგ მტერს მიჰყიდეს 30 000-მდე სტრატეგიული ობიექტი. შემდეგ, ეს ლიდერები რომლებიც დღეს ყოველდღე რუსთაველზე არიან – ბურჭულაძე, ნინო ქათამაძე და კულტურის სხვა წარმომადგენლები პირდაპირ უმღეროდნენ პუტინს. ლარსზე იდგა მაშინდელი პრეზიდენტი და თავად ხვდებოდა რუს ტურისტებს. მაშინდელი ხელისუფლება, ყველა ერთ ხმაში ლაპარაკობდა, რომ მიეღოთ რუსი ტურისტები, რუსულ ფულს სუნი არ აქვს – ეს დამოკიდებულება ჰქონდათ ჩვენი ომის შემდეგ და 15 წლის შემდეგ რა შეიცვალა – უკრაინაში შეჭრის შემდეგ გახდა ანწუხელიძე გმირი მათთვის? ახლა გახდა რუსეთი მტერი? დღეს რომ ქილიკობენ „დიფ სთეითზე“, მაშინ გადატვირთვა მოხდა რუსეთს და ამერიკას, იმ „დიფ სთეითსა“ და რუსეთს შორის, გასხვისდა ჩვენი სტრატეგიული ობიექტები და რუსეთი ამათი პარტნიორი გახდა, რადგან დაავალეს, რომ უნდა ყოფილიყო პოლიტიკა შეცვლილი. მაგრამ ახლა როგორც კი შეიცვალა დამოკიდებულება რუსეთის მიმართ, ისევ დაუქნიეს ალამი და ახლა გაახსენდათ, რომ რუსეთი მტერია და ახლა გაახსენდათ ანწუხელიძე.
დაუსვან ახალგაზრდებმა ზურა ჯაფარიძეს ეს კითხვები. გაციებული არ იყო ჩვენი გმირის სხეულები, აქ ყიჟინა მოაწყვეს და გამარჯვებას ზეიმობდნენ. რა ნამუსით საუბრობენ საერთოდ სამშობლოზე? უბრძოლველად ჩააბარეს კოდორის ხეობა, ამდენი ადამიანი გახადეს დევნილი და ამდენი ადამიანი გარდაიცვალა. როცა დაასრულებს საგამოძიებო კომისიას მუშაობას, ვიმედოვნებ, რომ მთელი საქართველო გაიგებს მათი დანაშაულების შესახებ“, – განაცხადა ყაველაშვილმა.