თურქეთში უკვე რამდენიმე კვირაა, რაც ტყის ხანძრები მძვინვარებს, ხოლო კვირას დილით ცეცხლი ქვეყანას მეოთხე უმსხვილეს ქალაქს — ბურსას მიუახლოვდა. ხანძრის გამო 1 500-ზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა დაეტოვებინა საკუთარი სახლები.
ღამის განმავლობაში ხანძარმა ჩრდილო-დასავლეთ თურქეთის ტყიან მთებში სწრაფად გავრცელება დაიწყო და ცეცხლი ბურსას აღმოსავლეთ გარეუბნებს მოედო.
ხანძრები განსაკუთრებით მძაფრად დაიწყო ივნისის ბოლოს, და მას შემდეგ, ყოველდღიურად ათობით ახალი კერა ფიქსირდება. თურქეთის მთავრობამ პარასკევს დასავლეთ თურქეთის ორი პროვინცია — იზმირი და ბილეჯიკი — კატასტროფის ზონებად გამოაცხადა.
ბურსას გუბერნატორის ოფისის განცხადებით, კვირას დილით 1 765 ადამიანი უსაფრთხოდ იქნა ევაკუირებული ქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთ სოფლებიდან. ცეცხლის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულია 1 100-ზე მეტი მეხანძრე, რომელთაგან ერთი დაიღუპა.
ბურსასა და დედაქალაქ ანკარას შორის დამაკავშირებელი საავტომობილო მაგისტრალი დაიხურა, რადგან მის გარშემო ტყე იწვის.
ბურსას მერმა, მუსტაფა ბოზბეიმ, დაადასტურა, რომ ერთი მეხანძრე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გულის შეტევით გარდაიცვალა. მისი თქმით, ხანძარმა დაახლოებით 3 000 ჰექტარი (7 400 აკრი) ტერიტორია გაანადგურა ქალაქის ირგვლივ.