საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოდან უცხო ქვეყნის 33 მოქალაქის გაძევება განხორციელდა.
შსს-ს ინფორმაციით, მათმა ნაწილმა საქართველო ნებაყოფლობით დატოვა, ნაწილი კი იძულების წესით იქნა ქვეყნიდან გაძევებული. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.
საქართველოდან გაძევებულ იქნა – ინდოეთის, ეგვიპტის, იორდანიის, თურქეთის, პაკისტანის, ჩინეთის, ირანის, ბანგლადეშის, ერაყის, რუსეთის, აზერბაიჯანის და თურქმენეთის – ჯამში 33 მოქალაქე.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს, ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს. მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და საქართველოდან გაძევების განხორციელება.