ვლადიმერ ბოჟაძე: ევროკავშირის ელჩის განცხადება, რომ ისინი არ ერევიან შიდა პოლიტიკაში, არ არის სწორი
,,ქართული ოცნების” წევრი ვლადიმერ ბოჟაძე საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ მისი საქმე არ არის, უთხრას ქართველებს, რომელმა პარტიამ რა უნდა გააკეთოს.
“ევროკავშირის ელჩის განცხადება, რომ ისინი არ ერევიან შიდა პოლიტიკაში, არ არის სწორი – თქვენ არაერთხელ ნახეთ მათი ჩარევა, მოწოდება ხელისუფლების მიმართ, არაერთი ელჩის მისვლა ოპოზიციასთან, შეხვედრები, მიტინგებზე დასწრება, ოპოზიციური პარტიების ირიბად დაფინანსება და ა.შ. სხვა აბა რა უნდა იყოს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა? გავიხსენოთ, საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტი, საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეების ვიზიტი, ოპოზიციის მიტინგებზე ღიად დასწრება და არჩევნების შემდგომი განცხადებები. როცა არჩევნებიდან 6 თვეა გასული, ოპოზიციას არ წარმოუდგენია არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები (ვერც წარმოადგენდა, რადგან ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს), თუმცა ჩვენ არ მოგვისმენია ელჩების შეფასებების, მათ შორის, ოპოზიციის ამ დამოკიდებულებასთან მიმართებაში, როცა ისინი აირჩია ხალხმა და არ შემოვიდნენ პარლამენტში,” – განაცხადა ბოჟაძემ.