პაატა სალია – მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეზე: ამჯობინეს, საქმე ჰქონდეთ სამართალდამცველ ორგანოებთან და არა პარლამენტის საგამოძიებო კომისიასთან – სხდომაზე არგამოცხადება იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას
„სხდომის მიმდინარეობისას შევიტყვეთ, რომ მამუკა ხაზარაძე უარს აცხადებდა სხდომაში მონაწილეობაზე, მან ამაზე სოციალურ ქსელში დაწერა, მოგვიანებით დრო მივეცით ბადრი ჯაფარიძეს, რომ 2-დან 4 საათამდე სხდომაზე გამოცხადებულიყო, თუმცა მათი პრინციპული პოზიციაა, რომ კომისიასთან არ ითანამშრომლონ”, – ამის შესახებ, უმრავლესობის დეპუტატმა, პაატა სალიამ “2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე საუბრისას, „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
“მათ დღეს ამჯობინეს, რომ საქმე ჰქონდეთ სამართალდამცველ ორგანოებთან და არა პარლამენტის საგამოძიებო კომისიასთან
ჩვენ იძულებული ვართ ვიმოქმედოთ მსგავს შემთხვევებში კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამაზე არაერთხელ ვისაუბრეთ და ბევრჯერ აღვნიშნეთ, რომ ეს არ არის ის სიტუაცია, როდესაც ადამიანი შეიძლება უბრალოდ არ გამოცხადდეს. არ გამოცხადება და კომისიისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება ისჯება კანონით.
ჩვენი მიზანი არ არის ვინმე პატიმრობაში გავუშვათ, ან მოხდეს ამ ადამიანებზე რაიმე სახით სისხლის სამართლებრივი სანქციის გავრცელებაა, ჩვენი ამოცანაა კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია იმ პოლიტიკური შეფასების გასაკეთებლად, რაც არის კომისიის ამოცანა, მივიღოთ პასუხები ყველა მონაწილისგან. დღეს მოვისმინეთ დაზარალებული ადამიანის ინფორმაცია და კარგი იქნებოდა მოგვესმინა მეორე მხარის ინფორმაციაც.
ჩვენი ამოცანაა საზოგადოებას დავანახოთ სიმართლე. ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს იმას, როგორ შეაფასებს ოპოზიცია კომისიის მუშაობას. კომისიის ამოცანაა დადოს დოკუმენტი, რომელიც იქნება სარწმუნო, მტკიცებულებებზე დამყარებული და ადამიანებს შეუქმნის ნათელ წარმოდგენას, როგორ იმართებოდა ქვეყანა 2003-2012 წლებში“, – აღნიშნა პაატა სალიამ.
საქართველოს პარლამენტში „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, მამუკა ხაზარაძის საქმე პროკურატურაში გადაიგზავნება.