შესაძლოა, “ჰამასის” ტერორისტულმა ორგანიზაციამ უბრალოდ მოიტყუა, ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან დაკავშირებით,- ამის შესახებ ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა განაცხადა.
“მეგონა, რომ მისაღები შეთანხმება გვქონდა. ისიც მეგონა, რომ “ჰამასისგან” თანხმობა გვქონდა. ალბათ, უბრალოდ მომატყუეს”,- თქვა უიტკოფმა.
ეს წინადადება ითვალისწინებდა ცეცხლის შეწყვეტის გახანგრძლივებას 19 აპრილამდე და “ჰამასს” უნდა გაეთავისუფლებინა ხუთი ცოცხალი მძევალი.
ჰამასი დაჟინებით მოითხოვდა შეთანხმების თავდაპირველი პირობების დაცვას, რომელიც მეორე ეტაპის დაწყებას მარტის დასაწყისში ითვალისწინებდა. თუმცა, ისრაელმა ერთი თვის განმავლობაში უარი თქვა მოლაპარაკებებზე მეორე ეტაპის კონკრეტულ პირობებზე, რადგან ზოგადი ჩარჩო ისრაელის ჯარების ღაზიდან სრულად გაყვანას და ომის სამუდამოდ დასრულებაზე დათანხმებას მოიცავდა.
ამასთან, ტრამპის ელჩი ამბობს, რომ ომის განახლება „ჰამასზეა“ იმის გამო, რომ არ დათანხმდა მისი „ხიდის“ შეთავაზებას.
შეგახსენებთ, 18 მარტის დილის საათებში ისრაელსა და ჰამასის ტერორისტულ ორგანიზაციას შორის არსებული დროებითი ზავი ჩამოიშალა მას შემდეგ, რაც ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF), ღაზის სექტორში ათეულობით საჰაერო იერიში მიიტანა.