ქართული მწიგნობრობის ისტორიის შესახებ ორდღიანი სამეცნიერო კონფერენცია მიმდინარეობს
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით, 2025 წლის 24-25 დეკემბერს მართავს ორდღიან სამეცნიერო კონფერენციას ქართული მწიგნობრობის ისტორიის შესახებ.
თსუ ბიბლიოთეკის ინფორმაციით, კონფერენცია ეძღვნება ანთიმოზ ივერიელის დაბადებიდან 375 წლისა და დავით გურამიშვილის დაბადებიდან 320 წლის იუბილეს.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება მოხსენებები ქართული წიგნისა და წიგნიერების შესახებ.
მომხსენებლები ისაუბრებენ საქართველოს და საზღვარგარეთ არსებული პირველი სტამბებისა და, ზოგადად, ქართული ბეჭდვითი საქმის განვითარების შესახებ, აგრეთვე საბიბლიოთეკო საქმის წინაშე არსებულ გამოწვევებზე.
●კონფერენციის მეორე დღე კი სრულად მიეძღვნება სამუშაო შეხვედრას, რომლის ფარგლებშიც განხილული იქნება თანამედროვე ციფრულ ეპოქაში არსებული საბიბლიოთეკო პრობლემები.
ამავე დღეს მოეწყობა თსუ ბიბლიოთეკაში დაცული ვახტანგ VI სტამბის წიგნების გამოფენა. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის რესტავრატორები გამართავენ საჩვენებელ სარესტავრაციო სამუშაოს, რომლის მეშვეობითაც ფართო საზოგადოება გაიცნობს რესტავრაციის სპეციფიკას.
●კონფერენცია დაგვირგვინდება დავით გურამიშვილის “დავითიანის” გადაწერილი წიგნის წარდგენით, რომლის თითოეული ფურცელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელოვანმა კურსდამთავრებულებმა, და არა მხოლოდ მათ, ხელით გადაწერეს. წიგნს თან ახლავს ილუსტრაციები. კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები კრებულის სახით გამოიცემა. ღონისძიების დახურვის საღამოს უმასპინძლებს ქალაქ თბილისის საკრებულო.
კონფერენცია ჩატარდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ცენტრალურ შენობაში, ანთიმოზ ივერიელის დარბაზში. კონფერენციის გახსნის თარიღი: 24 დეკემბერი, 10:00.
კონფერენციის დაიხურება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, თამარ მეფის სახელობის დარბაზში 25 დეკემბერს, 17 საათზე.