ვატიკანის შეთავაზება უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების მასპინძლობის შესახებ რუსეთმა უარყო
რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდის გამართვა შეერთებულ შტატებს ვატიკანში უნდოდა, თუმცა რუსებს იქ წასვლა არ სურთ,- ამის შესახებ უკრაინაში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, კიტ კელოგი აცხადებს.
საერთაშორისო მხარდაჭერის მიუხედავად, რუსეთმა ვატიკანის შეთავაზება უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების მასპინძლობის შესახებ უარყო.
კელოგის თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ რუსებს მეორე შეხვედრის ვატიკანში გამართვა არ სურთ, მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, ჟენევაში გაიმართება.
“როგორც კი რუსეთისგან პირობების სიას ან მემორანდუმს მივიღებთ, შემდეგი შეხვედრა გაიმართება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს, სავარაუდოდ, ჟენევაში მოხდება.
ჩვენ გვინდოდა, მოლაპარაკებები ვატიკანში გამართულიყო და მზად ვიყავით მსგავსი სცენარისთვის, თუმცა რუსებს ვატიკანში წასვლა არ სურთ. შესაბამისად, ვფიქრობ, შემდეგი გაჩერება ჟენევა იქნება”. – თქვა კელოგმა.
როგორც უცხოური მედია წერს, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნებისმიერი ფორმატით მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა გამოთქვა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ვატიკანის წინადადება უარყო და „კათოლიკურ პლატფორმაზე“ „ორი მართლმადიდებლური ქვეყნისთვის“ რელიგიურ დისკომფორტს მიაწერა.