მაღლაფერიძის განცხადებას ყოფილი გუბერნატორები ეხმაურებიან

სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი ზაზა გოროზია მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის ვასილ მაღლაფერიძის განცხადებას 2007 წლის 4 ნოემბერს გამართული თათბირის შესახებ ეხმაურება. „კვირასთან“ საუბრისას გოროზია აცხადებს, რომ ასეთი შინაარსის თათბირს ვერ იხსენებს.
“ვანო მერაბიშვილის მიერ ჩატარებულ რამდენიმე თათბირს დავსწრებივარ, თუმცა არც ერთი თათბირიდან არ მახსენდება ის სიტყვები, რასაც მაღლაფერიძე მას მიაწერს“,-აღნიშნა გოროზიამ. ვასილ მაღლაფერიძის მიერ გავრცელებულ ჩანაწერს ფეისბუქის პირად გვერდზე პრეზიდენტის ყოფილი სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში გოგა ხაჩიძე გამოეხმაურა. ხაჩიძის თქმით, ვანო მერაბიშვილთან შსს-ში გუბერნატორების მონაწილეობით ორი თათბირი ახსოვს. მისივე განმარტებით, ორივე თათბირი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაიმართა. “ვაახ!… ვანო მერაბიშვილთან, შსს-ში სულ ორი თათბირი მახსოვს გუბერნატორების მონაწილეობით. ორივე თათბირი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაიმართა, დევნილების და სხვა მაშინდელ პრობლემებზე. მაშინ უკვე გუბერნატორიც აღარ ვიყავი, მგონი. საიდან მოიტანა ამ კაცმა ეს მხატვრული ნაწარმოები?!“,- წერს გოგა ხაჩიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ ვასილ მაღლაფერიძემ 2007 წლის 4 ნოემბრის თათბირი გაიხსენა, რომელსაც, მისივე ცნობით, მაშინდელი მინისტრი ვანო მერაბიშვილი ხელმძღვანელობდა. მაღლაფერიძე აცხადებს, რომ გუბერნატორებმა და მინისტრებმა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრისგან კონკრეტული დავალებები მიიღეს, თუ როგორ უნდა გასწორებოდნენ აქციის მონაწილეებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები