საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ რუმინელ კოლეგასთან შეხვედრის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მთავარი საკითხი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება იყო.
„ევროკავშირში გაწევრიანება იყო, რა თქმა უნდა ერთ-ერთი თემა, რომელიც ჩვენ განვიხილეთ და ჩვენ ვუთხარით მას, რომ 2030 წელი არის ის მიზანი, რომელიც ჩვენ გვაქვს დასახული იმისთვის, რომ გადმოვიტანოთ ყველა ის კანონმდებლობა, რომელიც ევროკავშირში არის.
მისი მხრიდან იყო ზუსტად ასეთი პასუხი, რომ ხუთი წელი ასეთ ვითარებაში შეიძლება ბევრიც კი იყოს იმიტომ, რომ ძალიან დინამიკურად ვითარდება მოვლენები ჩვენს ირგვლივ. რა თქმა უნდა, საუბარი გვქონდა ასევე ომზე, საუბარი გვქონდა ოკუპაციაზე, საუბარი გვქონდა ეკონომიკურ პროექტებზე და ჩვენ რუმინეთთან გვაკავშირებს ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტები. მოგვილოცეს არჩევნებში გამარჯვება და გვითხრეს, რომ ისინი მზად არიან გააქტიურონ, როგორც საპარლამენტო, ასევე, ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ბუქარესტშია. რუმინეთის პარლამენტში კოლეგებთან შეხვედრებს მართავენ საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების თავმჯდომარეები.