შსს-ს აკადემიაში ოჯახში ძალადობის საკითხებზე უბნის ინსპექტორების გადამზადება გრძელდება

შსს-ს აკადემიაში ტრენინგი ოჯახში ძალადობის საკითხებზე შსს-ს სამეგრელოს და ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს ჩაუტარდათ. აღნიშნული ფართომასშტაბიანი ტრენინგი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებული ყველა საპოლიციო დანაყოფის თანამშრომლებისთვის უკვე რამდენიმე თვეა ტარდება. ტრენინგების კურსი შს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის გადაწყვეტილებით ხორციელდება და მასში თითოეული დანაყოფიდან შერჩეული ორ-ორი უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი – ერთი ქალი და ერთი მამაკაცი მონაწილეობს. ტრენინგების კურსს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის პედაგოგები, ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები მართავენ. სწავლების პროცესში ყურადღება გამახვილებულია ოჯახური კონფლიქტის დროს სიტუაციის უკეთ განმუხტვის მექანიზმებსა და კონფლიქტში მონაწილე პირებთან სწორი კუთხით კომუნიკაციის უნარ-ჩვევების ამაღლებაზე. ტრენინგზე ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობს როგორც მომხდარი შემთხვევების, ასევე თეორიული საკითხების საფუძვლიანი განხილვა. პოლიციის იმ თანამშრომლებს, რომლებიც გადამზადებას გადიან, თავიანთი დანაყოფების სამოქმედო ტერიტორიაზე მომხდარ ოჯახში ძალადობის შემთხვევებთან დაკავშირებით განხორციელებულ ღონისძიებებზე ზედამხედველობა და სათანადო სტატისტიკური მონაცემების დამუშავება დაევალებათ. მათ უფლებამოსილებაში ასევე შედის არა მარტო კონკრეტულ ფაქტებზე რეაგირება, არამედ კონფლიქტური ოჯახების პერიოდული კონტროლი და მონაცემების ანალიზი. აღნიშნულ საქმიანობას შს მინისტრის ბრძანებით 2014 წელს შექმნილი „ოჯახში ძალადობის პრევენციის და მასზე ეფექტიანი რეაგირების კომისია“ გაუწევს კოორდინაციას. კომისიის წევრების პირველი შეხვედრა უკვე შედგა, სადაც შსს-ს წარმომადგენლებმა მოისმინეს არასმთავრობო სექტორის რეკომენდაციები და დასახეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმები. მიმდინარე ტრენინგები ერთ-ერთია იმ ღონისძიებებს შორის, რომლებსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ოჯახში ძალადობის პრევენციის და მასზე ეფექტიანი რეაგირების მიზნით ატარებს. აღსანიშნავია, რომ შს მინისტრის განკარგულებით, განხორციელდა შემაკავებელი ორდერის შევსების მექანიზმის სრულყოფა და უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებს მიეცათ აღნიშნული დოკუმენტის შევსების უფლებამოსილება იმ ტერიტორიულ ერთეულებშიც, სადაც მოქმედებს საპატრულო პოლიციის სამსახური. ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს მუშაობას. შესაბამისად, იმართება დისკუსიები ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე მომუშავე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან და მიმდინარეობს მჭიდრო თანამშრომლობა სახალხო დამცველის ოფისთან.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=M28_uhaLemc” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები