“მიზანი არის ის, რომ ნარკოგასაღება საქართველოში დავიდეს მინიმუმამდე” – თენგიზ შარმანაშვილი
“ნარკოტიკების გასაღება, ეს მცირე ულუფებით იქნება თუ დიდით, იქნება ერთნაირად დასჯადი თითქმის და ის სამუდამო პატიმრობასაც კი ითვალისწინებს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, თენგიზ შარმანაშვილი აცხადებს.
დეპუტატი ანტინარკოტიკული რეფორმის ფარგლებში შემუშავებულ ახალ საკანონმდებლო ცვლილებებს ეხმაურება.
“მიზანი არის ის, რომ ნარკოგასაღება საქართველოში დავიდეს მინიმუმამდე. ილუზია არც ერთს არ გვაქვს და ვიცით, რომ მსოფლიოში ვერც ერთმა ქვეყანამ, სადაც სიკვდილით დასჯაც კი არის ნარკოტიკების გასაღებაზე, ეს საქმე ნულამდე ვერ დაიყვანა. ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ ეს იმდენად მინიმალიზებული იყოს, რომ საქართველოს მომავალზე და ჩვენს ახალგაზრდობაზე ნაკლები გავლენა მოახდინოს, ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი და არც შეიძლება სხვა რამე იყოს. ამიტომაც, გადავდგით ის ნაბიჯი, რომ ნარკოტიკების გასაღება – ეს მცირე ულუფებით იქნება თუ დიდით, იქნება ერთნაირად დასჯადი თითქმის და ის სამუდამო პატიმრობასაც კი ითვალისწინებს”, – განმარტავს შარმანაშვილი.