“მძღოლების სამედიცინო შემოწმების ვალდებულება, სატრანსპორტო საშუალებებზე სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების დაყენება, ელექტრონული გაბილეთიანება” – ირაკლი იზორია განმარტავს, რას მოიცავს საქალაქთაშორისო გადაყვანების რეფორმა

“ის მნიშვნელოვანი მიმართულებები, რაც უშუალოდ საგზაო უსაფრთხოებას ეხება, მძღოლების სამედიცინო შემოწმება და უშუალოდ მათი კონტროლი ძალიან მნიშვნელოვანია, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ წლების განმავლობაში ბევრჯერ გვისაუბრია საგზაო შემთხვევებზე, რომელიც სამგზავრო გადაყვანების დროს ხდება და ძალიან ბევრი ხალხი დავკარგეთ. აქედან გამომდინარე, უსაფრთხოების სტანდარტების ამაღლებას, რა თქმა უნდა, ჩვენც მივესალმებით და ეს პირდაპირ ორიენტირებული უნდა იყოს იმაზე, რომ საქართველოში საგზაო ტრავმატიზმი და სიკვდილიანობა შევამციროთ”- ამის შესახებ  მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში  სტუმრობისას ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხების ექსპერტმა, ფონდ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორმა, ირაკლი იზორიამ განაცხადა.

იზორიამ მგზავრთა საქალაქთაშორისო გადაყვანების რეფორმის შესახებ ისაუბრა.

“მოგეხსენებათ, ავტოსადგურებისა და საქალაქთაშორისო გადაყვანების გაუმჯობესების   მიმართულებით წლებია, საუბარი მიმდინარეობს. საბედნიეროდ, კანონმდებლობა და რეგლამენტები უკვე მიღებული გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ ამ მიმართულებით გარკვეული გაუმჯობესება გვქონდეს. კერძოდ,  ვიცით, რომ ავტოსადგურების წესებში ცვლილებები შემოდის. მაგალითად, პირველი მარტიდან უკვე მოთხოვნაში არის მძღოლების სამედიცინო შემოწმების მიმართულება, ასევე მძღოლები ვალდებულებას იღებენ, რომ ყოველ ნახევარ წელიწადში ერთხელ ნარკოლოგიური ცნობა, ასევე ჯანმრთელობის ცნობა წარმოადგინონ. ამასთან, მძღოლებმა წელიწადში ერთხელ სატრანსპორტო  საშუალების პერიოდული ტექნიკური  ინსპექტირების დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარადგინონ. ეს ძალიან კარგია. ამასთან  მიმართებით მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ  სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ ამ რეგულაციების და აღმოჩენილი ხარვეზების მონიტორინგი მოხდეს. ჩვენ ვიცით, რომ წინა კანონმდებლობით ამის შესაძლებლობას საქართველოს კანონი არ იძლეოდა,  მოსამართლის ბრძანებულება იყო საჭირო, რომ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს თანამშრომელი შესულიყო და ადგილზე ავტოსადგური შეემოწმებინა, თუმცა დღევანდელი კანონმდებლობით ეს სავალდებულო აღარ არის,     ნებისმიერ დროს საკუთარი ინიციატივით, ასევე მესამე პირის მოთხოვნის საფუძველზე მათ   ავტოსადგურების შემოწმება შეუძლიათ.

ახალი კანონმდებლობა გარკვეული წესების შემოღებას საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებითაც ითვალისწინებს. კერძოდ, მიკროავტობუსებით, ე.წ. “მარშუტკებით” 150 კილომეტრზე უფრო შორ მანძილზე  საქალაქთაშორისო გადაყვანებს ვეღარ განახორციელებენ, ეს შესაძლებელი მხოლოდ  ევრო 4 სტანდარტის ავტობუსებით იქნება.  ეს ავტობუსი 20 წელზე უფრო მეტი ხნის არ უნდა იყოს. ალბათ, ძალიან მალე მოთხოვნაში იქნება  იგივე მიმართულება, რაც ძალიან ბევრ ევროპულ ქალაქში არსებობს, ეს არის საქალაქთაშორისო   გადამყვან სატრანსპორტო საშუალებებზე სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების   დაყენება. ჩვენ ხუთი წლის წინ კვლევა ჩავატარეთ, აღმოჩნდა, რომ კამერებთან,  რადარებთან ყველა ანელებს, თუმცა იმ ტერიტორიებზე, სადაც ეს კამერები არაა,   ხშირად სიჩქარეს აჭარბებენ. გამომდინარე აქედან, საქალაქთაშორისო გადამყვან ტრანსპორტში სიჩქარის შემზღუდავი  მოწყობილობების დამონტაჟება აუცილებელია,   ეს სიჩქარის გადაჭარბების ფაქტებს   შეამცირებს და ტრავმატიზმიც შემცირდება.   

წესით, პირველი ივნისიდან გარკვეული რეგულაციები ძალაში უნდა შევიდეს, თუმცა,  ვიცით, პრობლემა არის ის, რომ სახელმწიფოს ერთდროულად ძალიან ბევრი რეფორმის განხორციელება უწევს. ჩვენ არ გვაქვს ელექტრონული გაბილეთიანების სისტემა, აქ გვიწერია, რომ ელექტრონული გაბილეთიანება უნდა მოხდეს, ნებისმიერ პირს ბილეთის ყიდვა ონლაინ უნდა შეეძლოს, კონკრეტული მარშრუტები დაგეგმილი უნდა იყოს. შესაბამისი აბრები, ტაბლოები უნდა არსებობდეს და  მთლიანად ინფრასტრუქტურის მოწყობა უნდა მოხდეს. გამომდინარე აქედან, მე ეჭვი მეპარება,  რომ მაგალითად პირველი ივნისიდან ყველაფერი ეს ძალაში შევა და განხორციელდება,  თუმცა ეტაპობრივად, რა თქმა უნდა, ეს   განხორციელდება.

ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესსექტორის ჩართულობა და სახელმწიფოს ურთიერთობა,  მათთან კომუნიკაცია, გამომდინარე იქიდან, რომ ბიზნესსექტორმა ავტოსადგურების მოწყობასა და იმ სტანდარტებთან მიახლოებით, რაც   სახელმწიფოს მიერ არის დადგენილი, გარკვეული  თანხა უნდა ჩადოს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ შეიძლება, დროში რაღაც ეტაპზე გაიწელოს და ვერ მოესწროს. თუმცა, ის მნიშვნელოვანი მიმართულებები, რაც უშუალოდ საგზაო   უსაფრთხოებას ეხება, მძღოლების სამედიცინო შემოწმება და უშუალოდ მათი კონტროლი   ძალიან მნიშვნელოვანია, გამომდინარე იქიდან,  რომ ჩვენ წლების განმავლობაში ბევრჯერ გვისაუბრია საგზაო შემთხვევებზე, რომელიც სამგზავრო გადაყვანების დროს ხდება და ძალიან ბევრი ხალხი დავკარგეთ. აქედან გამომდინარე, უსაფრთხოების სტანდარტების ამაღლებას, რა თქმა უნდა, ჩვენც მივესალმებით და ეს პირდაპირ ორიენტირებული უნდა იყოს  იმაზე, რომ საქართველოში საგზაო ტრავმატიზმი და სიკვდილიანობა შევამციროთ”- განაცხადა იზორიამ.

მისივე თქმით, ევროკავშირის დირექტივებით დაახლოებით 4-4,5 საათის შემდგომ მძღოლმა ავტომობილი აუცილებლად უნდა გააჩეროს და შეისვენოს, რათა მან ავტომობილის მართვა სრულფასოვნად შეძლოს. როგორც ირაკლი იზორიამ განაცხადა, ეს მოთხოვნა  საქართველოშიც იქნება.

“ამასთან, აუცილებელია ტაქოგრაფების სისტემის შემოღება, რაც იგეგმება და კარგია.    ტაქოგრაფის ჩანაწერი სიჩქარის გადაჭარბების ფაქტების შესახებ ინფორმაციას 30 დღის განმავლობაში ინახავს, ასევე იმის შესახებ ინფორმაციას ინახავს, დაისვენა თუ არა მძღოლმა ყოველი ოთხი საათის შემდგომ.  ვიცით, რომ მძღოლის გადაღლასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები არსებობს. ხშირ შემთხვევაში როცა მძღოლი a პუნქტიდან b პუნქტამდე მგზავრობს, აღარ ისვენებს და უკან ბრუნდება, რაც ხშირ შემთხვევაში 8 საათიან გრაფიკსაც აჭარბებს. ეს ყოვლად წარმოუდგენელია, გამომდინარე იქიდან, რომ ევროკავშირის დირექტივებით დაახლოებით 4-4,5 საათის შემდგომ მძღოლმა ავტომობილი აუცილებლად უნდა გააჩეროს და შეისვენოს, რათა მან ავტომობილის მართვა   სრულფასოვნად შეძლოს. ეს მოთხოვნა  ჩვენთანაც იქნება.

რაც შეეხება ავტოსადგურებთან დაკავშირებულ  საკითხებს – აქ ძალიან ბევრი თემაა ჩაშლილი.  იგივე ის, რომ გარკვეული ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად მოთხოვნილი იქნება ბაქნები, სამედიცინო ოთახი, ბავშვთა და დედათა ოთახი, ასევე მძღოლთა  მოსასვენებელი ოთახი, ასევე ყოველი რეისის წინ ტექნიკური შემოწმება უნდა მოხდეს, ასე რომ ვთქვათ, უშუალოდ გასვლის წინ ეს  ვიზუალური შემოწმება შეიძლება, იყოს. ის, რომ მძღოლებს გარკვეული ხანი გარკვეული კატეგორიის მართვის მოწმობა აქვთ, იმას არ ნიშნავს, რომ კონკრეტული სატრანსპორტო  საშუალების მართვა აბსოლუტურად უსაფრთხოდ შეუძლიათ. ამიტომ, მძღოლებისთვის სპეციალური ინსტრუქტაჟის ტრენინგების ჩატარება აუცილებელი იქნება, რათა გზებზე სიკვდილიანობა მაქსიმალურად შევამციროთ” – განაცხადა ირაკლი იზორიამ.

 

თამუნა შეყილაძე  

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები