თინა ბოკუჩავა: მზად ვარ, ეს იქნება კონსტიტუციის, სამოქალაქო წესით, თუ რელიგიური წესით ბიბლიის წინაშე ნებისმიერი ფიცი დავდო, რომ არანაირი ტელეფონი არცერთი პრეზიდენტის, მათ შორის არც მესამე პრეზიდენტის მხრიდან არასდროს არ მიმიღია
“მზად ვარ, ეს იქნება კონსტიტუციის, სამოქალაქო წესით, თუ რელიგიური წესით ბიბლიის წინაშე ნებისმიერი ფიცი დავდო, რომ არანაირი ტელეფონი საქართველოს არცერთი პრეზიდენტის, მათ შორის არც მესამე პრეზიდენტის მხრიდან მე, თინათინ ბოკუჩავას არასდროს, არცერთ წელს არ მიმიღია”,- ასე უპასუხა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ კითხვას, რომლის თანახმადაც, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ბიუჯეტიდან მისთვის თანხა დაიხარჯა.
ბოკუჩავას თქმით, აღნიშნული ცილისწამებაა.
„არცერთი მტკიცებულება არ არსებობს აღნიშნულთან დაკავშირებით. ეს არის სრული ცილისწამება, რასაც ვისმენ 2012 წლიდან. ცილისწამება, რომელიც შემდგომ დამოუკიდებელმა სასამართლომ აუცილებლად უნდა გამოიძიოს. მე მზად ვარ, ეს იქნება კონსტიტუციის, სამოქალაქო, თუ რელიგიური წესით ბიბლიის წინაშე ნებისმიერი ფიცი დავდო, რომ არანაირი ტელეფონი საქართველოს არცერთი პრეზიდენტის, მათ შორის არც მესამე პრეზიდენტის მხრიდან მე, თინათინ ბოკუჩავას არასდროს, არცერთ წელს არ მიმიღია. ამიტომ, ამ ცილისწამებაზე და ამ ბრალდებაზე აუცილებლად მოვითხოვ პასუხს შესაბამისი პირების მხრიდან, მას შემდეგ, რაც საქართველოს ექნება დამოუკიდებელი სასამართლო. ამაზე პასუხს აუცილებლად მოვითხოვ“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ცნობისთვის, პროკურატურა მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და სდსს-ის ყოფილ ხელმძღვანელს დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას ედავებოდა. პროკურატურის მტკიცებით, ხარჯები 3 წლისა და 9 თვის განმავლობაში 9 მილიონზე მეტ დანახარჯს მოიცავს. როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, „თინა ბოკუჩავასთვის IPhone-ის მობილური ტელეფონის შესაძენად გადახდილია 1600 ლარი“.