“საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა მხარს მიჭერს მე” – მიხეილ სააკაშვილი
“საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა მხარს მიჭერს მე, პიროვნულად მე კი არა, რამდენადაც საქართველოს განვითარების, აღმშენებლობის, სახელმწიფოებრიობის იდეას”, – ამის შესახებ საქართველოს მსჯავრდებულმა ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.
„თქვენ მეც გყავდით ქვეყნიდან გაგდებული, როდესაც არ მიშვებდით ქვეყანაში, არცერთი გზა არ დამიტოვეთ ქვეყანაში შემოსვლის, რადგან ჩემს ხალხთან არ მქონოდა ურთიერთობა. რა თქმა უნდა, იმავეს აგრძელებთ ჩემი მრავალი წლით ჩაკეტვით. საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა მხარს მიჭერს მე, პიროვნულად მე კი არა, რამდენადაც საქართველოს განვითარების, აღმშენებლობის იდეას, სახელმწიფოებრიობის იდეას.
თქვენ ხომ არც გამოძიება აწარმოეთ. აბა, რა გამოძიება იყო, არცერთი ადამიანი არ გამოიკითხა, ვინ იყო სადილზე. თქვენ გგონიათ, ეს ინვესტიციები, რომელიც მდინარედ მოდიოდა, ციდან ჩამოვარდა? ეს იყო დღე და ღამე ამ ხალხის ტარება, მოფერება, შთაბეჭდილების მოხდენა. ეს ყველაფერი უფასო არ იყო, მაგრამ სამაგიეროდ ათასმაგად დაგვიბრუნდა. ეს ის კი არ არის, საკუთარ ხალხს დენი მოჰპარო და ბიტკოინები გამოუშვა და მერე დამალო სადღაც ოფშორებში. ეს არის რეალური სამუშაო ადგილები, რეალური ინვესტიციები, ეს არის რეალური ხელფასები. მე ველაპარაკები ჩვენს ხალხს, ნუ გააბრიყვებინებთ საკუთარ თავს, ნუ მისცემთ საშუალებას, ამ თითიდან გამოწოვილ ბრალდებებით თავგზა აგიბნიონ და უბრალოდ გამყოფონ გაუგებრობაში. მართლები ხართ თქვენ და ის ახალგაზრდა თაობა, რომელიც იბრძვის, მართალია ყველა, ვინც არის სიმართლის, ფაქტების მხარეს. ეს ჰიბრიდული ოპერაცია, რომელიც განხორციელდა, პირველ რიგში, გათვლილია ქართველი ხალხის დემორალიზებასა და თავგზის აბნევაზე. როცა ეკითხებიან, სააკაშვილი რაზე ზის, ვერავინ ვერ სცემს პასუხს, ზოგი ამბობს, გირგვლიანის საქმეზე ზისო, რა შუაში ვიყავი იქ. პიჯაკების საქმე კი იცით უკვე. თქვენ გინდათ, ეს საქმე გადააქციოთ ვულგარულ თემად, მაგრამ ეს საქმე ყველამ იცის, რომ არის თითიდან გამოწოვილი, როცა სხვა ვერაფერი ვერ აღმოაჩინეთ. მე საერთოდ არ მესმის, თემურ ჯანაშიასგან რა გინდათ. ის ასრულებდა უშიშროების საბჭოს მოთხოვნას ისე, როგორც ჩვენი ადმინისტრაციის ნებისმიერი სხვა წევრი“, – განაცხადა სააკაშვილმა.