“საინტერესო იქნება, ჩავხედოთ არქივებში, რას წერდა 1921 წელს სერგო ორჯონიკიძე და გარწმუნებთ, იმავეს ნახავთ, რასაც ზურაბ ჯაფარიძე წერს დღეს” – პაპუაშვილი
“საინტერესო იქნება, ჩავხედოთ არქივებში, რას წერდა 1921 წელს სერგო ორჯონიკიძე და გარწმუნებთ, იმავეს ნახავთ, რასაც ზურაბ ჯაფარიძე წერს დღეს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, დღესაც არის მცდელობა, საქართველოში მარიონეტული რეჟიმი დაამყარონ.
„რა თქმა უნდა, ეპოქა, ინსტრუმენტები შეიცვალა, თუმცა, გარწმუნებთ, რომ იმავეს ნახავთ, რასაც ზურაბ ჯაფარიძე წერს დღეს. ესენი არიან 21-ე საუკუნის სერგო ორჯონიკიძეები, რომლებიც იმ ქვეყნის წინააღმდეგ ილაშქრებდნენ, სადაც დაიბადნენ, ფეხი აიდგეს და რომელი საზოგადოების წევრებიც იყვნენ. საბოლოო ჯამში, ეს არის ყველა მარიონეტის ხვედრი.
მაშინ სოციალური ქსელი არ იყო, მაგრამ სერგო ორჯონიკიძე კედლის გაზეთებით და პროკლამაციებით ზუსტად ასე ამბობდა, რომ საქართველოს დამოუკიდებელი ხელისუფლება არის საფრთხე და ის უნდა იყოს საერთო კომუნისტურ-სოციალისტური ინტერნაციონალის ნაწილი. ზუსტად ამას გვეუბნებიან დღეს, რომ საქართველო არ უნდა იყოს დამოუკიდებელი, უნდა იყოს ლიბერალური ინტერნაციონალის ნაწილი. აბსოლუტურად ერთი ერთში არიან სერგო ორჯონიკიძის შთამომავლები თავისი არსით.
როგორც სერგო ორჯონიკიძე იყო უცხო ქვეყნის მარიონეტი, ესენიც ზუსტად უცხო ქვეყნის მარიონეტები არიან. მნიშვნელობა არ აქვს დედაქალაქებსა და ქვეყნებს, მნიშვნელობა აქვს თავად მოცემულობას, რომ საკუთარი პოლიტიკური ეგოების დასაკმაყოფილებლად ადამიანები ეყიდებიან სხვა პოლიტიკურ ჯგუფებს ქვეყნის გარეთ. ამიტომ, ესეც მიუთითებს, რომ არის ჩვეულებრივი მტრობა საქართველოსი. ასი წლის წინ ამას აკეთებდნენ ხიშტებითა და ტანკებით, დღეს აკეთებენ სანქციებით და პროპაგანდით. მეთოდები იცვლება, თუმცა შინაარსი – არა. ეს არის მცდელობა, რომ საქართველოში მარიონეტული რეჟიმი დაამყარონ. როგორც 1921 წელს საბჭოთა არმიის მეშვეობით დაიმორჩილეს საქართველო და დაამყარეს კომუნისტური ინტერნაციონალის მმართველობა, ახლა უკვე ასი წლის თავზე უნდათ სანქციებით და პროპაგანდით დაიმორჩილონ ქართველი ხალხი, დასვან თავისი მარიონეტული რეჟიმი და დაამყარონ ლიბერალური ინტერნაციონალი საქართველოში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.