ლევან მაჭავარიანი ოპოზიციაზე: ისინი ხვდებიან, რომ თავისივე თამაშში არიან გახლართულები
“ისინი ხვდებიან, რომ თავისივე თამაშში არიან გახლართულები. პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობას არ იღებენ – მთლიანად მარგინალიზებულები არიან თავიანთი ამომრჩევლის თვალშიც და გრძნობენ, რომ გამარჯვების ნულოვანი შანსი აქვთ, – გამარჯვების კი არა, პატარა წარმატების მიღწევისაც,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა ოპოზიციის დიდი ნაწილის საპასუხოდ განაცხადა, რომლებიც ამბობენ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ.
მისივე თქმით, საპარლამენტო არჩევნების გაყალბების შესახებ დღემდე არცერთი მტკიცებულება არ არსებობს, ხოლო თავად ოპოზიციას ილუზიებისგან მალე გათავისუფლებას ურჩევს.
“ახლა ცდილობენ, რომ ყველაფერი გადააბრალონ იმას, რომ თითქოს საპარლამენტო არჩევნები არ იყო მაღალ დონეზე ჩატარებული და აქედან გამომდინარე, არ აქვს აზრი თვითმმართველობის არჩევნებს. დღემდე, ერთი მტკიცებულება ვერავინ ვერაფერზე ვერ დადო, ზღაპრებს რომ ჰყვებოდნენ. რაც უფრო მალე გამოვა ოპოზიცია ამ ილუზიიდან, მათთვის უკეთესია,” – აცხადებს ლევან მაჭავარიანი.