ვლადიმერ ბოჟაძე  – შვედეთის საგარეო უწყების განცხადებაზე: შვედეთის სახელმწიფოს შეუძლია გააგრძელოს დღეების თვლა, ეს მათი გადასაწყვეტია, თუმცა ჩვენ არ ვთვლით რომ რაიმე კრიზისთან გვაქვს საქმე

“ვიცით რომ არაერთი ევროპული სახელმწიფო სრულიად უსამართლოდ იქცევა ჩვენი ქვეყნის მიმართ, მათ შორი გამორჩეულები არიან ბალტიისპირეთის ქვეყნები და შვედეთი,”- ამის შესახებ  პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ვლადიმერ  ბოჟაძე აცხადებს.

მისივე თქმით, ყველას კარგად ახსოვს შვედეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის დამოკიდებულებები მიხეილ სააკაშვილისა და “ნაციონალური მოძრაობისადმი” და ის დაფინანსება, რაც შვედეთიდან მოდიოდა ჩვენს ქვეყანაში – სხვადასხვა მედიისთვის და სამოქალაქო სექტორისთვის.

„შვედეთის სახელმწიფოს შეუძლია გააგრძელოს დღეების თვლა, ეს მათი გადასაწყვეტია, თუმცა ჩვენ არ ვთვლით რომ რაიმე კრიზისთან გვაქვს საქმე, ვმუშაობთ აქტიურად. ასეთი ტიპის განცხადებები, ერთი მხრივ უნდა ჩაითვალოს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად და მეორე მხრივ უნდა ჩაითვალოს იმ ძალადობრივი ჯგუფების წახალისებად, რომლებიც დღეების განმავლობაში ქვებით, მოლოტოვის კოქტეილების, პიროტექნიკის გამოყენებით ებრძოდნენ ქართულ პოლიციას და ცდილობდნენ ეს პარლამენტის შენობა გადაეწვათ.

ამიტომ, ეს დამოკიდებულება ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში, სრულიად უსამართლოა, თუმცა გვესმის კარგად რომ ეს ყველაფერი უკავშირდება რუსეთ-უკრაინის ომის საკითხებს და იმას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ქვეყანაში მშვიდობა შეგვენარჩუნებინა,”- აცხადებს ვლადიმერ  ბოჟაძე.

ცნობისთვის, შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში პროტესტის მე-100 დღესთან დაკავშირებით პოსტი გამოაქვეყნა. სამინისტრო მხარდაჭერას უცხადებს მომიტინგეებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები