რატი იონათამიშვილი ISFED-ზე: ერთადერთი რაც ამ ორგანიზაციას სავიზიტო ბარათად ექცა, ეს არის გაყალბება
„ესენი სხვებზე საუბრობენ და აბრალებენ, რომ თითქოს, რაღაც გაყალბდა, მაშინ როდესაც სიყალბესთან ასოცირებული გახდა თვითონ ამ ორგანიზაციის სახელწოდება და საქმიანობა,“ – ამის შესახებ ISFED-ზე საუბრისას პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ერთადერთი, რაც ამ ორგანიზაციას სავიზიტო ბარათად ექცა, ეს არის გაყალბება.
„ISFED-ი არის ორგანიზაცია, რომელიც ებრძოდა ქართულ დემოკრატიას და ებრძოდა ქართველი ამომრჩევლის ნებას, ვინაიდან ჯერ კიდევ 2020 წელს მათ გააყალბეს „პივიტის“ შედეგები და ახლაც, 2024 წელს არჩევნებზე დამალეს, ვინაიდან ფაქტობრივად, ის სრულ თანხვედრაში იყო ცესკოს ოფიციალურ მონაცემებთან, მაგრამ ამ ოფიციალური მონაცემების მათ ძალიან ეშინოდათ და არ სურდათ ამის გამჟღავნება. შესაბამისად, ეს არის ერთგვარი აღიარებითი ჩვენება, რომ ერთადერთი, რაც ამ ორგანიზაციას სავიზიტო ბარათად ექცა, ეს არის გაყალბება და კიდევ უფრო უხერხულია, როდესაც ესენი სხვებზე საუბრობენ და აბრალებენ, რომ თითქოს, რაღაც გაყალბდა, მაშინ როდესაც სიყალბესთან ასოცირებული გახდა თვითონ ამ ორგანიზაციის სახელწოდება და საქმიანობა“, – განაცხადა იონათამიშვილმა.
ცნობისთვის, ISFED-ი პივიტის დოკუმენტებს ისევ არ ასაჯაროებს და პროკურატურისთვის წარსადგენ მტკიცებულებებზე დროს ითხოვს.