ლევან დავითაშვილი – პრემიერის ვიზიტის ფარგლებში, თურქმენეთის მთავრობასთან ვისაუბრეთ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე, გამოიკვეთა თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები – ენერგეტიკული სექტორი, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფერო და ტურიზმი

თურქმენეთის მთავრობასთან ჩვენ ვისაუბრეთ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე. გამოიკვეთა ძირითადი მიმართულებები, სადაც გვექნება მჭიდრო თანამშრომლობა, ესენია ენერგეტიკული სექტორი, ტრანსპორტი და ლოგისტიკის სფერო და ტურიზმი, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრებზე დაისახა კონკრეტული მიზნები, თუ როგორ შეიძლება უფრო ხელსაყრელი გახდეს აღნიშნული მიმართულებებით თანამშრომლობა ორივე ქვეყნისთვის.

„დავსახეთ კონკრეტული მიზნები, თუ როგორ შეიძლება უფრო ხელსაყრელი იყოს ეს თანამშრომლობა ორივე ქვეყნისთვის. საუბარია საქართველოში თურქმენეთში წარმოებული ნავთობპროდუქტების ექსპორტზე და ასევე საქართველოს მეშვეობით ტრანზიტზე. ვისაუბრეთ გაზის შესაძლო ექსპორტზე თურქმენეთიდან საქართველოში, რაც საქართველოს ენერგოსისტემის დივერსიფიცირებისთვის იქნება მნიშვნელოვანი. ასევე ყურადღება დავუთმეთ სატრანზიტო და სატრანსპორტო მიმართულების ეფექტურად გამოყენებას. თურქმენეთი არის ერთ-ერთი სატრანზიტო და ამავე დროს მნიშვნელოვანი ექსპორტიორი ქვეყანა, შესაბამისად, ჩვენთვის ამ მიმართულებით თურქმენეთთან თანამშრომლობა არის ძალიან პერსპექტიული. 2 მლნ ტონაზე მეტი ტვირთი გადაიზიდა თურქმენეთიდან საქართველოში 2024 წლის განმავლობაში, საიდანაც 90 %-ზე მეტი იყო სატრანზიტო დანიშნულების ტვირთი. ეს არის საკმაოდ დიდი მოცულობა, თუმცა საუბარია იმაზე, რომ ჩვენ შეგვიძლია უახლოეს ხანებში ეს მოცულობები კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ, თურქმენეთში წარმოებული მინერალური სასუქები საქართველოს მეშვეობით გავიდეს დასავლურ ქვეყნებში, მათ შორის, ევროპულ ქვეყნებში. აქედან გამომდინარე, კონკრეტული საგზაო რუკა შეიქმნება უახლოეს ხანებში, რომელიც საშუალებას მოგვცემს, თურქმენეთში წარმოებული პროდუქცია დასაწყობდეს საქართველოში და საქართველოდან ეფექტიანად, უფრო კონკურენტუნარიან ფასებში მიეწოდოს ევროპის ქვეყნებს. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ,”- აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მისივე თქმით, შეხვედრისას ყურადღება დაეთმო ტურიზმის სექტორში თანამშრომლობას და აღინიშნა, რომ საქართველო თურქმენეთს ლიბერალურ სავიზო რეჟიმს სთავაზობს, რაც ტურისტული ნაკადებს კიდევ უფრო მეტად გაზრდის.

„ვისაუბრეთ ტურიზმის სექტორში თანამშრომლობაზე. 18 000-ზე მეტი ტურისტი იყო 2024 წელს თურქმენეთიდან საქართველოში. იცით, რომ ჩვენ ერთ-ერთი იშვიათი ქვეყანა ვართ, რომელმაც ლიბერალური სავიზო რეჟიმი შესთავაზა თურქმენეთს და ვფიქრობ, ის ცნობადობა, რომელიც საქართველოს ამ ქვეყანაში აქვს, მოგვცემს საშუალებას, ტურისტების ნაკადი კიდევ უფრო გავზარდოთ ჩვენს ქვეყანაში. ყველა ეს მიმართულება ხელს შეუწყობს ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას, ხელსაყრელი იქნება საქართველოს ეკონომიკისთვის, ასევე საინტერესოა თურქმენეთისთვის და ვფიქრობ, ძალიან კონკრეტული საგზაო რუკის რეალიზების ფარგლებში ეს ყველაფერი არის უახლოეს ხანებში მიღწევადი,”- აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები