მამუკა მდინარაძე: იმედს ვიტოვებთ, რომ პრეზიდენტი ტრამპი მოახერხებს „დიფ სთეითის“ დამარცხებას – ეს იყო მისი მთავარი დაპირება – ამ შემთხვევაში ჩვენს ქვეყანასაც გადარჩენის ბეწვის ხიდზე გავლა ერთი ათად გაუადვილდება
იმედს ვიტოვებთ, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია, პრეზიდენტი ტრამპი მოახერხებს „დიფ სთეითის“ დამარცხებას – ეს იყო მისი მთავარი დაპირება. ამ შემთხვევაში ჩვენს ქვეყანასაც გადარჩენის ბეწვის ხიდზე გავლა ერთი ათად გაუადვილდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, მთელი სამყაროს ყურადღება ბოლო პერიოდში მომხდარ მთავარ მოვლენებზეა მიპყრობილი, რაც ადასტურებს, რამდენად მართლები იყვნენ ისინი წლების განმავლობაში ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე. მისივე თქმით, ახლა მთავარია, ადამიანებმა, რომლებიც საპირისპირო პოზიციას აფიქსირებდნენ, ნავსი გატეხონ და თქვან, რომ სცდებოდნენ.
„მე გულწრფელ ადამიანებზე ვსაუბრობ, თორემ ამას აგენტურა არასდროს აღიარებს იმიტომ, რომ ისინი არ ცდებოდნენ. შესაძლოა, თქვენზე კარგად იცოდნენ, რაში იყო სინამდვილეში საქმე. ადამიანები, რომლებიც მათ გულწრფელად უჯერებდნენ, მიყვებოდნენ და მიხვდნენ, რომ დღეს ისინი საშინლად მოტყუებულები დარჩნენ, მიმდინარე მოვლენების ფონზე შეუძლია, თქვან, რომ „ჩვენ მოგვატყუეს“ და ეს არ არის სირცხვილი. ჩემი აზრით, ნებისმიერ ამომრჩეველს შეუძლია რაღაც მოვლენების შემხედველს, აღიაროს, რომ მისი არჩევანი არასწორი იყო“, – განაცხადა მდინარაძემ.
მისივე თქმით, იგი დარწმუნებულია, რომ აღნიშნული ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერდნენ ოპოზიციას, გულწრფელად სამშობლოს მოყვარულები არიან და ბევრი უნდა იფიქრონ იმაზე, რა და როგორ მოხდა, გადააფასონ მოვლენები.
„ახლა მაინც ჩავხედოთ ყველამ ერთად სიმართლეს თვალებში, რომ დღეს სხვანაირად შემოტრიალდა მთელი მსოფლიოს პოლიტიკა, ხედვა და სამწუხაროა, ის, რომ „დიფ სთეითის“ აგენტურა ბევრია ჩარჩენილი ევრობიუროკრატიაში. თუმცა, იმედს ვიტოვებთ, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია, პრეზიდენტი ტრამპი მოახერხებს „დიფ სთეითის“ დამარცხებას. ეს იყო მისი მთავარი დაპირება. ამ შემთხვევაში ჩვენს ქვეყანასაც ამ გადარჩენის ბეწვის ხიდზე გავლა ერთი ათად გაუადვილდება და ჩვენი ეროვნული ინტერესების გატარებაც ასე რთული არ იქნება, როგორც ეს წინა პერიოდში რაღაცების თანხლების ფონზე იყო“, – აღნიშნა მდინარაძემ.