„მიდის, უპირველეს ყოვლისა, ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები იმისთვის, რომ დიდთოვლობისგან გამოწვეული შეფერხებები აღმოიფხვრას”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
“ვითარებას რა თქმა უნდა, ართულებს ის, რომ თოვა არ წყდება და აქედან გამომდინარე, არის ხოლმე ხელახალი გაწმენდითი სამუშაოები. ამდენად, რთულია მუშაობა ასეთ პირობებში.
მაგრამ იცით უკვე, გუშინ საღამოსაც მოვისმინეთ, დღესაც ვნახეთ განცხადებები, რომ ბევრ სოფელთან კავშირი უკვე აღდგა. მიდის გაწმენდითი სამუშაოები, ყველას, ვისაც აქვს საჭიროებები, მათ შორის პირველადი საჭიროების სხვადასხვა საგნების, შესაბამისად მიეწოდებათ ისინი.
ამ პროცესში მეხანძრე-მაშველებთან ერთად ჩართულია პოლიციის დანაყოფები, თავდაცვის სამინისტროს დანაყოფები, ასევე ექიმები, სამედიცინო პერსონალი ინტენსიურად მუშაობს. ასე რომ მთლიანად, პროცესი არის კონტროლის ქვეშ და მიმდინარეობს სამუშაოები, რაც არის საჭირო”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.