„ევროკავშირის წევრი ქვეყნები არ მოითხოვენ უკრაინის ბუნებრივ რესურსებს დახმარების სანაცვლოდ“ – ევროსაბჭოს პრეზიდენტი
ევროსაბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიო კოსტამ განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები არ მოითხოვენ უკრაინისგან რაიმე მინერალურ რესურსს დახმარების გაწევის სანაცვლოდ.
კოსტამ თქვა, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში ევროკავშირი უკრაინის მთავარი დონორი იყო.
“ეს კეთდება როგორც უკრაინელებისთვის, ასევე ევროპის უსაფრთხოებისთვის”,- განაცხადა კოსტამ.
მედიის ცნობით, უკრაინის შეერთებულ შტატებთან იშვიათი მიწების ლითონებზე დადებულ შეთანხმებასთან დაკავშირებით, ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა სუვერენული სახელმწიფოა და რომ უკრაინას „უფლება აქვს მართოს თავისი ტერიტორია და აწარმოოს მოლაპარაკებები საერთაშორისო დონეზე“.