მაკა ბოჭორიშვილი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 58-ე სესიის მაღალი დონის სეგმენტის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა
24 თებერვალს, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 58-ე სესიის მაღალი დონის სეგმენტის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მაკა ბოჭორიშვილმა გამოსვლის დასაწყისში აღნიშნა რუსეთ- უკრაინის ომის მესამე წლისთავი და ხაზი გაუსვა ომის მძიმე შედეგებს.
მინისტრმა ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე, ადამიანების მკვლელობის, წამების, გატაცების, გადაადგილების უფლების შეზღუდვის ფაქტებზე, ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციაზე, იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ სახლებში დაბრუნების პრობლემაზე.
ხაზგასმით აღნიშნა რომ რუსეთი არ ასრულებს საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებებს.
ხაზი გაესვა, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოზე ყოველწლიური რეზოლუცია „თანამშრომლობა საქართველოსთან“ კვლავ იქნება წარდგენილი და გამოითქვა პარტნიორების მხარდაჭერის იმედი.
მაკა ბოჭორიშვილმა ასევე ისაუბრა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე, სადაც ორმა მილიონმა მოქალაქემ დააფიქსირა თავისუფალი არჩევანი. მინისტრმა აღნიშნა, რომ სპეკულაციები ამ თემის გარშემო უნდა დასრულდეს და ყველამ პატივი სცეს მოქალაქეების მიერ გაკეთებულ დემოკრატიულ არჩევანს.
თავის გამოსვლაში მინისტრმა ასევე ისაუბრა მშვიდობის, კანონის უზენაესობის და ეკონომიკური განვითარების შესახებ და ხაზი გაუსვა ამ მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს.
ყურადღება დაეთმო საქართველოს კონტრიბუციას ადამიანის უფლებათა საბჭოს საქმიანობაში და აღინიშნა მისი მანდატის სრულად გამოყენების მნიშვნელობა – ქალების, ბავშვების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, იძულებით გადაადგილებული პირების, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებების დაცვის საქმეში.
დასასრულს, მაკა ბოჭორიშვილმა დაადასტურა საქართველოს ხელისუფლების მზაობა გაერო-სთან მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ.