ჩეხეთის საგარეო უწყება – პუტინს ზელენსკის ეშინია და ამიტომ ავრცელებს სიცრუეს მის „არალეგიტიმურობაზე“

კრემლის ლიდერი ვლადიმერ პუტინი არასოდეს აურჩევიათ თავისუფალ არჩევნებში, ამიტომ მას უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ეშინია და მისი „არალეგიტიმურობის“ თაობაზე უსაფუძვლო სიცრუეს ავრცელებს,- ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც ქვეყანამ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მესამე წლისთავთან დაკავშირებით გაავრცელა.

„მიუხედავად იმისა, რომ დღეს რუსეთი აცხადებს ინტერესს კონფლიქტის დასრულების შესახებ, მისი ქმედებები მხოლოდ აგრესიის ესკალაციაა“, – აცხადებენ ქვეყნის საგარეო უწყებაში.

მათივე განცხადებით, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა უკრაინაში უნდა იყოს მიღწეული გაერო-ს წესდების პრინციპებზე დაყრდნობით.

როგორც უწყებაში აცხადებენ, თავისი აგრესიით, რუსეთი არა მხოლოდ ცდილობს გაანადგუროს უკრაინა, არამედ შეასუსტოს სხვა ქვეყნების თავისუფლება, კეთილდღეობა და უსაფრთხოების არქიტექტურა ევროპაში, რითაც ცდილობს ძირი გამოუთხაროს ნატო-სა და ევროკავშირს.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. სახელმწიფოების საზღვრები ძალით ვერ შეიცვლება – ჩვენ გავაგრძელებთ ყირიმის და დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქების ნაწილების, რომლებიც ამჟამად რუსული არმიის მიერ უკანონოდ არის ოკუპირებული, უკრაინის განუყოფელ ნაწილებად აღიარებას. ნებისმიერი მომავალი შეთანხმება უნდა ასახავდეს ამ უდავო ფაქტს“, – ნათქვამია ჩეხეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები