ირაკლი ქადაგიშვილი კაია კალასის განცხადებაზე: შურისძიების რეჟიმში არიან გადასული, მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ არიან სახელმწიფოები, რომლებიც ამ შურისძიების განხორციელების საშუალებას არ აძლევენ
“ქართული ოცნების” წევრი ირაკლი ქადაგიშვილი სანქციებთან დაკავშირებით ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებას გამოეხმაურა.
„თქვენ ხომ გახსოვთ ევროკომისიის ერთ-ერთი ექსპერტის აღიარებითი განცხადება, რომ დღეს ბრძოლის ველი საქართველოზე უნდა გადმოვიტანოთო? სწორედ ეს არის. ისინი ხედავენ, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელიც არ ექვემდებარება საერთაშორისო რადიკალური ლიბერალიზმის დღის წესრიგს და იმხელა დამოუკიდებლობის ხარისხი გამოიჩინა, რომ არ ჩაეწერა იმ დიდ გეოპოლიტიკურ სურათში და სამხრეთიდან რუსეთს ცეცხლის რკალი არ გაუხსნა. საქართველომ მოახერხა, რომ მათ მიერ წარმოებული, ყოვლად არადემოკრატიული და საარჩევნო კამპანიაში უხეში ჩარევის მიუხედავად, ქართველმა ხალხმა მაინც ის პოლიტიკური ძალა აირჩია, რომელსაც მან უპირატესობა მიანიჭა. ამიტომ, მათ მიერ ვერგანხორციელებული ანტიქართული მიზნებიდან გამომდინარე, დღეს შურისძიების რეჟიმში არიან გადასული, მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ არიან სახელმწიფოები, რომლებიც ამ შურისძიების განხორციელების საშუალებას არ აძლევენ. მათ განცხადებებს სხვა შინაარსი და ობიექტური საფუძველი არ აქვს.
მთელი ამ ხნის განმავლობაში, როცა პარლამენტს და პოლიციელებს წვავდნენ, ვერცერთმა ევროპელმა ლიდერმა ვერ გაბედა და ვერ თქვა, რომ პროტესტი მშვიდობიანი უნდა იყოს. ეს ვერ გაბედეს, პირიქით, ყველამ მათი ენა ვიცით, თუ როგორ ხდება წახალისება – „ჩვენ მებრძოლი ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ”, ანუ, მიდით, უფრო მაგრად შეუტიეთ და ყიჟინა დასცხეთო. საქართველოს მოსახლეობამ კარგად იცის, მათი განცხადებები რას ნიშნავს. ამას ნიშნავს. როგორც კი, უცხოეთიდან რომელიმე პოლიტიკოსმა განცხადება გააკეთა გერმანიაში ან რუმინეთში მიმდინარე არჩევნების თაობაზე, ან „ტვიტი” დაიდო, მაშინვე ამბავი ატყდა, ეს არის სხვა ქვეყნის შიდა პროცესებში ჩარევაო. ეს ორმაგი სტანდარტი იმდენად თვალში საცემია, რომ უკვე ამაზრზენ ფორმას იღებს და ეს სამწუხაროა. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ გვაჩვენებს იმას, რომ პოლიტიკა, რასაც ევროკავშირის ბიუროკრატიის ნაწილი ატარებს, აბსოლუტურად კონტრპროდუქტიულია – საქართველოსთან მიმართებით ცალსახად და ზოგადად, ევროკავშირისთვის,” – განაცხადა ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ “საქართველოში განვითარებული მოვლენები საკმაოდ შემაშფოთებელია და ვიმსჯელებთ, რა შეიძლება კიდევ გავაკეთოთ”.
„დავაყენეთ სანქციების საკითხი მათ წინააღმდეგ, ვინც იყენებს ძალადობას საქართველოში მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ – ჯერჯერობით, ორი ევროპული ქვეყანა ვერ დავარწმუნეთ, ამას დაეთანხმონ,” – განაცხადა კალასმა.