კახა კალაძე საკანონმდებლო ცვლილებებზე: ჩვენთვის მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა, ამიტომ გადმოგვაქვს ზუსტად იგივე კანონი, რაც აშშ-ში წლებია წარმატებით მუშაობს

„ჩვენი სახელმწიფო, თავისი ინსტიტუტებით არის ძალიან ძლიერი და ჩვენ მომავალში ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შევინარჩუნოთ დამოუკიდებლობა, განვამტკიცოთ სუვერენიტეტი“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან საკანონმდებლო ცვლილებების თემაზე კომენტირებისას ისაუბრა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ახალი საკანონმდებლო პაკეტი არის აშშ-ში მოქმედი კანონის ანალოგი, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ უცხო ქვეყნებიდან შემოსული თანხები იყოს მეტად გამჭვირვალე.

„ჩვენ თავიდან დაინიციირებული გვქონდა გამჭვირვალობის კანონი, რომელსაც ადგილობრივმა აგენტურამ, გარე ძალების ჩართულობით, იარლიყები მიაკერა, რომ ვითომ რუსული იყო. არანაირი კავშირი რუსულ კანონთან არ ჰქონია. ჩვენ წლების განმავლობაში ვხედავდით როგორ ხდებოდა უცხო ქვეყნებიდან ძალიან დიდი თანხების შემოდინება, რომელიც ქვეყანაში დაპირისპირებას, პოლარიზაციას, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას ხმარდებოდა. ასეულობით მილიონი იხარჯებოდა ქვეყანაში აგენტურის დასაფინანსებლად, რომ შეექმნათ აგენტურული ხაზი და ნებისმიერ დროს, როცა დასჭირდებოდათ, მოეხდინათ სახელმწიფო გადატრიალება. ამის მოწმენი გავხდით. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლება, სახელმწიფო, თავისი ინსტიტუტებით არის ძალიან ძლიერი და ჩვენ მომავალში ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შევინარჩუნოთ დამოუკიდებლობა, განვამტკიცოთ სუვერენიტეტი.

ჩვენთვის გამჭვირვალობა არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. შესაბამისად, გადმოგვაქვს ზუსტად იგივე კანონი, რაც აშშ-ში წლების განმავლობაში წარმატებით მუშაობს და გვექნება იგივე დამოკიდებულება უცხოეთიდან დაფინანსებულ ორგანიზაციებზე თუ კონკრეტულ პირებთან დაკავშირებით“, – განაცხადა თბილისის მერმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები