“აშშ-ის შემდეგ საქართველო პირველია გაერო-ში იმ რეზოლუციის მხარდაჭერის მხრივ, რომლითაც ომი უნდა დასრულდეს” – გურამ მაჭარაშვილი
“აშშ-ის შემდეგ საქართველო პირველია, რომელიც გაერო-ში იმ რეზოლუციას უჭერს მხარს, რომლითაც ომი უნდა დასრულდეს”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„აშშ-მა უკრაინაში მშვიდობის თაობაზე რეზოლუციის პროექტი დააინიციირა. პირველი ჩვენ ვართ, ვინც რეზოლუციას მხარი დაუჭირა. არ ვიცი, გლობალური ომის პარტია თუ პროამერიკელ ძალად მოგვნათლავს, ეს მათი გადასაწყვეტია, მაგრამ ჩვენ, როგორც აქამდეც, ასევე ახლაც მხარს ვუჭერთ, რომ უკრაინაში მშვიდობა იყოს, რადგან ხალხი იხვეწება და აღარაფერს აღარ ვამბობთ, ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის განადგურებაზე. ხედავთ, რა დრო დადგა, ამერიკის შემდეგ საქართველო პირველია, რომელიც გაერო-ში იმ რეზოლუციას უჭერს მხარს, რომლითაც ომი უნდა დასრულდეს.
სპექტაკლები, რომლებსაც საზოგადოებას უწყობდნენ და რომლის საშუალებითაც, სამწუხაროდ, მესამე წლისთავზე რეალობა მივიღეთ, რომ უკრაინაში ასიათასობით ადამიანი დაღუპულია, ლტოლვილია მილიონობით ადამიანი, განადგურებულია ინფრასტრუქტურა, დაკარგულია ტერიტორიები და ახლა უკვე უკრაინის პრეზიდენტი თანახმაა, ამ მოცემულობაში რუსეთთან შეთანხმდეს. მეტსაც გეტყვით, იხვეწება, დამსვით მოლაპარაკების მაგიდასთანო. სამწუხაროდ, ეს იმ სპექტაკლებით მივიღეთ, რომელსაც სამი წლის განმავლობაში დგამდნენ. იმედია, სწორედ ამერიკის დიდი როლის შესრულებით უკრაინაში იქნება მშვიდობა“, – განმარტა მაჭარაშვილმა.Set featured image