“გვაქვს სტანდარტები, რომლებიც წლებია, არსებობს, მაგრამ არ მოქმედებს, ჟურნალისტური სტანდარტები არსებობს და ვიცით, რა არის ეს სტანდარტი, მაგრამ არ მოქმედებს” – პაპუაშვილი
“მედიის კანონს რაც შეეხება, სინამდვილეში აქ არაფერი სიახლე არ არის, ის, რაც არის ჟურნალისტური სტანდარტი, ყველასთვის ცნობილია”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„ამჟამად ყველაფერი მივიწყებულია და ზოგს სურს, სტანდარტების მიღმა პოლიტიკური აქტივისტები შექმნას ჟურნალისტებისგან. აქაც, სინამდვილეში, სიახლე არაფერია, თუმცა ბრიტანულ სტანდარტს, რასაც ვგულისხმობდით, ზუსტად ამ სტანდარტით მივუდგებით ამ საკითხს. ზოგადად, ტყუილ-მართლის გარჩევა რთული არ არის. საკითხი იმაზეა, რომ დღესაც ეს სტანდარტები მოქმედებს. სპეციალური ჯგუფი უნდა იყოს, რომელიც ასეთ საკითხებს განიხილავს. დღესაც მაუწყებლობის შესახებ კანონში ეს ყველაფერი გაწერილია, ახალი არაფერია. გვაქვს სტანდარტები, რომელიც წლებია, მოქმედებს, არსებობს, მაგრამ არ მოქმედებს. ჟურნალისტური სტანდარტები არსებობს, ვიცით, რა არის ეს სტანდარტი, მაგრამ არ მოქმედებს. იმიტომ არ მოქმედებს, რომ არის თვითრეგულაციას მინდობილი და არ სურს მედიასამყაროს, რომ ამ სტანდარტების დაცვა თავად უზრუნველყოს. ამიტომ, როცა არის სტანდარტი, რომელზეც ყველა კანონის დონეზე ვთანხმდებით, ეს არ არის თეორიული სიტყვები და ამ სტანდარტებს ვერ იცავენ თავად მედიაორგანიზაციები თვითრეგულაციით, რა თქმა უნდა, აქ სახელმწიფო ვალდებულია, რომ შესაბამისი რეგულაცია შემოიღოს. არაფერს ისეთს არ ვიგონებთ, რაც არ არსებობს რომელიმე ქვეყანაში და, მით უმეტეს, ვამბობთ, რომ იქნება ბრიტანული სტანდარტით და უკვე გასაგებია, როგორი მიდგომაც გვექნება. ყველაფერზე იქნება სასამართლო კონტროლი, ამიტომ იქნება სრულად გამართული, დემოკრატიული სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ჟურნალისტური სტანდარტების დაცვას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.