აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში თოვლის საფარი 40-50 სანტიმეტრს აღწევს.
მათივე ცნობით, თოვლის წმენდის სამუშაოებში ჩართულია დეპარტამენტის კუთვნილი 57 ერთეული სპეცტექნიკა.
“ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტებში აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი თოვლის საფარისგან საავტომობილო გზების გაწმენდას ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს. ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში თოვლის საფარი 40-50 სმ. აღწევს. ამ ეტაპზე შეზღუდულია ადმინისტრაციულ ცენტრებთან დამაკავშირებელ გზებზე საავტომობილო მოძრაობა, თუმცა ინტენსიურად მიმდინარეობს გაწმენდის სამუშაოები. ეტაპობრივად ყველა მიმართულება გაიწმინდება. ხელვაჩაურის და ქედის მუნიციპალიტეტებში ყველა მიმართულებაზე მიმდინარეობს საავტომობილო გზების გაწმენდა. ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში ადმინისტრაციულ ცენტრებთან მისასვლელ გზებზე მოძრაობა თავისუფალია და გრძელდება მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარისგან საავტომობილო გზების გაწმენდა. თოვლის წმენდის სამუშაოებში ჩართულია დეპარტამენტის კუთვნილი 57 ერთეული სპეცტექნიკა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.