საბედნიეროდ, საქართველოს დღეს ჰყავს ხელისუფლება, რომლისთვისაც მთავარი ამოსავალი წერტილი არის ქვეყნის ეროვნული ინტერესი, რაც არის ქვეყნის უსაფრთხოება და სტაბილურობა, რათა ევროკავშირში ინტეგრაციას მივაღწიოთ, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არ არის ადვილად მანიპულირებადი და დასაშანტაჟებელი, რომ რაღაც დამუქრებებით ამოქმედო.
„ევროკავშირში ინტეგრაციას, ძალიან კარგად ვიცით, რომ სჭირდება ეკონომიკური განვითარება და რეფორმების გატარება. ეს არ არის იაფი რეფორმები, საკმაოდ ძვირადღირებული რეფორმებია. დღეს საქართველო რომ იყოს გერმანიის და საფრანგეთის მსგავსი ქვეყანა, ამას სჭირდება თანხა, რეფორმა, ეკონომიკური განვითარება. გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, ასეა ეს ყველაფერი. სტაბილურობის და მშვიდობის გარეშე ჩვენ ვერანაირად ვერ მოვახერხებთ, რომ ეს ყველაფერი შევძლოთ და მივცეთ ჩვენს მოქალაქეებს, შევთავაზოთ ცხოვრების უკეთესი სტანდარტი, რისთვისაც მოგვწონს, გვინდა ევროპა და რატომაც მივიჩქარით იქით. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება ძალიან მოზომილი, სტაბილური განვითარება და პოლიტიკა და, საბედნიეროდ, დღეს მართლაც ჰყავს საქართველოს ის ხელისუფლება, რომელიც ასე ადვილად მანიპულირებადი და ასე ადვილად დასაშანტაჟებელი არ არის, რომ რაღაც დამუქრებებით ამოქმედო“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებას ეუბნებოდნენ, რომ რაღაც მატარებელი მიქრის და თუ ამ მატარებელს გამოვტოვებთ, მერე ჩვენი დრო არასდროს მოვა, თუმცა დღეს კარგად ვხედავთ, რამდენად მომგებიანი შეიძლება ყოფილიყო საქართველოსთვის იმ მატარებელში ჯდომა, რა მატარებელშიც, ვთქვათ, უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლება ზის.
„ჩვენ ძალიან სწორად ვიმოქმედეთ ამ დრომდე, ძალიან ბევრი სწორი ნაბიჯი გადავდგით, მიუხედავად იმ კრიტიკისა და სირთულეებისა, რაც დღეს თუნდაც ჩვენ გვაქვს ჩვენ წინ ურთიერთობებში. მიუხედავად ამისა, ჩვენ შევძელით მთავარი, ჩვენს ქვეყანაში სტაბილურობის, უსაფრთხოების შენარჩუნება, რაც ნამდვილად იდგა ძალიან დიდი საფრთხის წინაშე“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.