მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ ყველაზე კარგი მაგალითი ვართ, როგორ ხდება ბრიუსელის მხრიდან არასწორი აღქმების შექმნა და ამის შესაბამისად, შემდგომ რაღაც პოლიტიკის გატარება

ჩვენ ყველაზე კარგი მაგალითი ვართ, როგორ ხდება ბრიუსელის მხრიდან არასწორი აღქმების შექმნა და, ამ არასწორი აღქმების შესაბამისად, შემდგომ უკვე რაღაც პოლიტიკის გატარება, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

„საქართველო არის ამის ძალიან კარგი მაგალითი. ეს ცხადია და ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი, საქართველოში დაგეგმილი იყო ხელისუფლების შეცვლა. ვინ რა დაგეგმა და სად დაიგეგმა, ეს არის სხვა საკითხი, მაგრამ ამ პროცესში ევროპის და ევროკავშირის ინსტრუმენტად გამოყენება ხდებოდა და ახლაც ხდება. ეს არის ჩვეულებრივი ინსტრუმენტი, ამ შემთხვევაში ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი, რაც ჩვენთვის ეროვნული ინტერესია და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, მაგრამ ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ ამ საკითხით შეიძლება ამ ქვეყნის მანიპულირება“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, ანტიდასავლურ რიტორიკად შეირაცხა ყველაფერი, რაც მიუთითებდა სიმართლისკენ და რაც მიუთითებდა იმისკენ, რომ საქართველოს აქვს თავისი ეროვნული ინტერესები.

„ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესი არ არის ევროკავშირში ყოფნა. პირიქით, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესი არის ევროკავშირში ყოფნა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ შესაძლებელია, ამას მხოლოდ და მხოლოდ დიალოგის გზით მივაღწიოთ. ჩვენ დღეს ვსაუბრობთ იმაზე, რომ ბრიუსელის ბიუროკრატიამ გადაწყვიტა, დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას, მოდით, ნუ დაველაპარაკებით და ეს შეიძლება იყოს ინსტრუმენტი, რომ აქ რაღაც შევცვალოთ. ქვეყანაში ჩატარდა არჩევნები, ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება და ჩვენ თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი, საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი, თუ არ მოხდება დიალოგი ხელისუფლებასთან, რომლის უკანაც დგას ამომრჩეველი, ხალხი, დემოკრატია რასაც ჰქვია. ასე რომ, თუ ბრიუსელი დაიწყებს და გააგრძელებს იმას, რომ დემოკრატიული ხელისუფლების უგულებელყოფა მოხდება, ეს პროცესი იქნება დაზიანებული და საუბარი იმაზე, რომ ნამდვილად არის რაღაც კეთილი მიზნები საქართველოსთან მიმართებაში, უადგილო და არასწორი იქნება“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები