პაატა სალია: საგამოძიებო კომისიის მიზანია, საზოგადოებას აჩვენოს, თუ რა იყო რეჟიმი და როგორ მოქმედებდნენ ამ რეჟიმის მაღალი თანამდებობის პირები
საგამოძიებო კომისიის მიზანია, საზოგადოებას აჩვენოს, თუ რა იყო რეჟიმი და რა მოქმედებებს ახორციელებდნენ ამ რეჟიმის მაღალი თანამდებობის პირები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პაატა სალიამ „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, რეჟიმს უნდა მიეცეს შეფასება.
„ეს იყო ამომრჩევლის დაკვეთა და წინასაარჩევნო დაპირება „ქართული ოცნებისა“. ის საკითხი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც რეჟიმი უნდა გასამართლებულიყო, გარკვეული შეფასება მისცემოდა მათ საქმიანობას, ჯერ კიდევ 2012 წლიდან გვესმოდა, თუმცა იყო გარკვეული გარემოებები, რაც ხელს უშლიდა ამას. ამ არჩევნების შემდეგ გახდა შესაძლებელი, რომ შექმნილიყო კომისია საქართველოს პარლამენტში და დაეწყო მუშაობა.
პირველ რიგში, ამ კომისიის მიზანია, საზოგადოებას აჩვენოს, თუ რა იყო რეჟიმი და რა მოქმედებებს ახორციელებდნენ ამ რეჟიმის მაღალი თანამდებობის პირები. რეჟიმს უნდა მიეცეს შეფასება და შემდგომ თუ იქნება გამოვლენილი ახალი დანაშაულებრივი ქმედებები… რა თქმა უნდა, ჩვენ ვეღარ მივუბრუნდებით იმ საკითხებს, რაზეც არის უკვე პასუხისმგებლობა დამდგარი, კონკრეტულმა პირებმა მოიხადეს, ახლა იხდიან სასჯელს, ან ძებნაში არიან, მაგრამ ეს საქმეები ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ რეჟიმის სახე დავანახოთ საზოგადოებას. ძალიან ბევრმა ეს იცის, ბევრმა არ იცის. ძალიან ბევრი ადამიანი გახდა სრულწლოვანი ამ ბოლო 12 წლის განმავლობაში, გაიზარდნენ და სრულწლოვანები გახდნენ იმ პერიოდში, როდესაც საქართველოში არ ყოფილა ომი, ქვეყანა თანმიმდევრულად ვითარდებოდა, მისი ეკონომიკა იზრდებოდა და ეს ნათელია – ამაზე საუბრობს არამარტო საქართველო, არამედ არაერთი საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია“, – განაცხადა პაატა სალიამ.