პაატა სალია: სამწუხაროდ, ევროპას არ ჰქონდა გეგმა, როგორ დაესრულებინა ეს ომი – ამაზე მიუთითებს ტრამპიც

ტრამპის დღევანდელი განცხადებები თანხვედრაშია იმ რეზოლუციის შინაარსთან, რომელიც ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე მიიღო საქართველოს პარლამენტმა და რომელსაც მხარი არ დაუჭირა მაშინდელმა ოპოზიციამ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პაატა სალიამ „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ჯერ კიდევ 2022 წელს საუბრობდა იმ თემებზე, რომელზეც ტრამპმა, ბოლო პერიოდში, ძალიან ხისტად ისაუბრა.

„მინდა ხაზი გავუსვა, რომ ტრამპის დღევანდელი განცხადებები თანხვედრაშია იმ რეზოლუციის შინაარსთან, რომელიც ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე მიიღო საქართველოს პარლამენტმა და რომელსაც მხარი არ დაუჭირა მაშინდელმა ოპოზიციამ, რომელიც დღეს ქუჩაშია დარჩენილი, რომ ყველანაირი ძალისხმევა უნდა ყოფილიყო გამოყენებული იმისათვის, რომ ეს ომი აგვეცილებინა თავიდან. ზუსტად ამას აცხადებს ტრამპი და ძალიან ხისტი განცხადებები გააკეთა დღეს მან. ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც გარკვეულ დახმარებას აგზავნიდნენ საქართველოში, ჰქონდათ ფარული დღის წესრიგი, რომელიც იყო ხელისუფლების შერყევა და ახალი ძალების მოყვანა ხელისუფლებაში – ესეც პირდაპირ თქვა ტრამპმა.

საქართველო კონკრეტულად არ დასახელებულა, თუმცა ჩვენ ვნახეთ გარკვეული მინიშნებები – პირდაპირ იყო რუმინეთის არჩევნებზე საუბარი ვენსის გამოსვლაში. საქართველო ელოდება თავის რიგს – ჩვენ ველოდებით, რომ ეს მოხდება მას მერე, რაც უკრაინის საკითხი გადაწყდება. ეს არაერთხელ იყო ნათქვამი ჩვენი ლიდერების მიერ – ჩვენი საკითხი გადაწყდება მას შემდეგ, წნეხი მოიხსნება მას შემდეგ, რაც ეს სამშვიდობო პროცესი დასრულდება და აღარ იქნება აუცილებლობა, საქართველოში გაიხსნას მეორე ფრონტი.

თუმცა, დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ევროპაშიც გარკვეული წინააღმდეგობრივი აზრები არსებობს – ნამდვილად შოკში არიან, ჩვენი შეფასებით. ევროპა ალბათ გამოვა ამ შოკიდან და მიიღებს ადეკვატურ გადაწყვეტილებას, თუმცა დღეს რასაც ვხედავთ, არის ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებები სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებისგან. მართლაც დაიზაფრნენ ისინი მიუნხენში ვიცე-პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ და ვხედავთ არაორგანიზებულ, ემოციურ შეკრებებს. ეს მეტყველებს იმაზე, რომ სამწუხაროდ, ევროპას არ ჰქონდა გეგმა, როგორ დაესრულებინა ეს ომი – ამაზე მიუთითებს ტრამპიც. თქვა, რომ 3 წელი ჰქონდა უკრაინას იმისთვის, რომ ეს ომი დაესრულებინა და შეეძლო საერთოდ არ დაეწყოო.

ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ ეს ომი არ უნდა დაწყებულიყო, იმაზე, რომ რაც შეიძლება მალე, მშვიდობიანად უნდა დასრულებულიყო, – ანუ, სრული თანხვედრაა იმ განცხადებებს შორის, რომელსაც დღეს აკეთებს აშშ-ის ადმინისტრაცია და იმ განცხადებებს შორის, რომელსაც ჩვენი პარტია აკეთებდა, ჯერ კიდევ, 2022 წლიდან – როგორც რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების როლზე ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევასთან დაკავშირებით“, – განაცხადა პაატა სალიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები