გიორგი მამაცაშვილი: საუბედუროდ, ბევრმა სახე დაკარგა დღეს – მაინც იმედით ვარ, დალაგდება ეს ქვეყანაც და ეს ხალხიც დაუბრუნდება ამ ქვეყანას – ვისთვის ქვე-ყანას და ჩემთვის სამშობლოს!

საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის თავმჯდომარე და მედიაჰოლდინგ „რეპორტიორის“ დამფუძნებელი გიორგი მამაცაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ:

“სოციალურ ქსელში ერთი პოსტი შემომხვდა – ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღეზე სააკაშვილის გათავისუფლებას უსურვებდნენ.

“ძალიან ეშინია და ემანდ, იქნებ ძილი დაუფრთხოსო” – ამავე პოსტის კომენტარებში წავიკითხე ასეთი ბოდვაც.

სააკაშვილი რა ჯოჯოხეთის მაშხალაცაა, კი ვიცით ყველამ, მაგრამ ერთი რამ მომხვდა გულზე.

პოსტს ერთი ჩემი მეგობარი და პატივსაცემი ადამიანი იწონებდა, რომელიც სააკაშვილის რეჟიმსაც ებრძოდა, “ქართული ოცნების” მომხრეც გახლდათ. მერე, ცოდვა გამხელილი სჯობს, ცოტა დაუმსახურებლადაც მოექცნენ კვირიკაშვილისა და გახარიას პრემიერობის წლებში და…

საუბედუროდ, ამ “ფეხზე დაკიდების” მერე ხან ერთთან იყო, ხან მეორესთან და ახლაც ერთ ცხელთავიანს უმშვენებს გვერდს ბიძინა ივანიშვილთან და “ქართული ოცნების” ამომრჩეველთან ბრძოლის ავანგარდში.

რომ ცდება, დარწმუნებული ვარ, თავად ჩემზე უკეთ იცის, მაგრამ საქართველოს მისნაირი პატრიოტი და კეთილის მსურველი რომ იშვიათი ჰყავს, ამაშიც დარწმუნებული ვარ.

უბრალოდ, პოლიტიკა ესმის სხვანაირად (უფრო მართებულად თუ ვიტყვი – ცუდად ესმის) და ამ პოლიტიკის ბრალიცაა თუ, ჩემი რწმენისა თუ პოლიტიკური შეხედულებების გამო, – ჩემთან ურთიერთობას თითქოს თავს არიდებს.

ალბათ, ასე სცოდნია პოლიტიკას.

ვუგებ.

და არასდროს აზრად არ მომსვლია მისი დაბულინგება და დაჩაგვრა განსხვავებული აზრის გამო.

თუმცა, ანალოგიური მე რომ დამმართნოდა, უკვე კითხვა მიჩნდება, – ის როგორ მოიქცეოდა?

და არა მხოლოდ ის.

თუნდაც ისინი, რომლებმაც გასულ თვეებში მორალი მიკითხეს, მიმტკიცეს, როგორი მართალი გზით დადის ხაზარაძე და როგორი სუფთა სინდისით სძინავთ ღამე ლიაკა ხოშტარიას და ნიკა გვარამიას.

და რომლებმაც სოციალური ქსელიდან წამშალეს.

ან იმათ როგორ გავაგებინო, არ ვიცი, რომლებიც ჩემს “კედელზე” ათენებენ და ნებისმიერ პოლიტიკურ წერილს ირონიულად აკომენტარებენ.

არ ვიცი, როგორ გავაგებინო, რომ განსხვავებული აზრის ქონა არ ნიშნავს ადამიანის სიძულვილს და არც ბულინგის აუცილებლობაა მაინცდამაინც მიზანშეწონილი.

მე კი ვზივარ და ვშლი მავანთა სარკაზმითა და ირონიით მოწერილ გზავნილებს.

პოლემიკაში შესვლის აზრს რომ ვერ ვხედავ ადრესატთან, ალბათ, მაგიტომაც.

პასუხსაც არ ვცემ.

იმ ურთიერთობებს მინდა გავუფრთხილდე, რაც ამ დრომდე არსებობდა.

სააკაშვილის რეჟიმს კალმითა და ფოტოაპარატით ვებრძოდი, მაგრამ არასდროს არ გამჩენია სურვილი, ან კუბოში ჩამედო მისი ფიტული, ან 21 დეკემბერს შავი ბუშტები გამეშვა ცაში სამგლოვიარო არშინით.

და დღეს რა ხდება?

სირცხვილი ჰქვია იმას, რაც ხდება.

ჩვენი ქვეყნის სირცხვილი.

სირცხვილი, რომელსაც ერთი მუჭა (!) ნაძირლების ბინძურ გეგმებს ეწირება ათეულობით ახალგაზრდისა თუ უფროსი თაობის წარმომადგენელთა მორალი!

ადამიანის სასიკვდილოდ გამეტების იქით ვეღარ იხედებიან და კუბოების მიღმა განსხვავებულ სანახაობას ვეღარ გეგმავენ.

კუბო – ტორტად.

კუბო – ფერებში.

კუბო – ჩამოტარებით.

კუბო – ცეცხლმოკიდებული.

კუბო – ფიტულებითა და ფოტოებით.

და თოჯინები ნემსის ჩხვლეტით.

ჯადოები და შოუები შესაბამისი სარიტუალო გაფორმებით.

რომ ჰკითხო – გამოხატვის თავისუფლებაა ეს ყველაფერი.

არადა, ავად არიან!

ესეც გამოხატვის თავისუფლებაა ვიღაცისთვის, შეიძლება, მაგრამ თუ ოპონენტებთან საბრძოლველად, ნიკა გვარამიასთვის და ნაციონალური მოძრაობის აქტივისთვის დაშვებული იყო ოდესღაც კვერცხების სროლის მეთოდი, რით გახდა ახლა დაუშვებელი იგივე მეთოდი მათ წინააღმდეგ საბრძოლველად?!

საინტერესო კითხვაა, მაგრამ რა თქმა უნდა, პასუხის გამცემი არავინაა.

დამეთანხმებით, ცუდი სანახავია კვერცხებში ამოვლებული ყოფილი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილისა და ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას ხილვა.

ალბათ, რასაც დასთეს, მართლა იმას იმკი.

თუმცა, მეტსაც გეტყვით: უარესად საშინელი და ამაზრზენი სანახავია ლაზარესნაირთა ქმედება და პოლიციის წარმომადგენელთათვის “მოლოტოვის კოქტეილების” სროლა და პოლიციელთა ცოცხლად დაწვის სურვილი.

ვნახეთ ეს “კინო” ჩვენ უკვე და რაც გავიარეთ, თუ მოსწონთ, – ჟიგიმანტასებმა და კუბილიუსებმა იარონ მაგ გზით.

უბედურებაა ეს!

დღევანდელი, ე.წ. ოპოზიციის, უფრო სწორად კი – მტრისა და ავისმსურველთა ხელისბიჭებად ქცეულთა მიერ მართული, დაშვებული და წახალისებული უბედურება.

არც მოშიმშილე ჟურნალისტის ნახვაა სასურველი.

მით უფრო, ჩემთვის.

2008 წლის გაზაფხულზე მეც ვშიმშილობდი გამომცემლობა “სამშობლოსთან”, მაგრამ არც პოლიციელისთვის დამირტყამს მაშინ და არც ფეიერვერკის კოლონა დამიშენია ვინმესთვის.

უგულავას და სააკაშვილის ზონდერების მიერ, ჟურნალისტების მიმართ გამოჩენილ ვანდალიზმს ვგმობდი და იმიტომაც მივმართე პროტესტის უკიდურეს ფორმას.

სამწუხაროდ, სააკაშვილის მეხოტბე ჟურნალისტებს თავი არ მოუკლავთ არც ჩემი და არც “სამშობლოდან” გამოდევნილი ასობით რედაქციისა და ათასობით(!) კოლეგის სოლიდარობით!

ბევრი გივია თარგამაძისა და ვანო მერაბიშვილის “კარმუშკაზე” იჯდა და თავს რად შეიწუხებდა?!

არც შევარდნაძის ფიტულის დაწვისთვის დამიკრავს ტაში ე.წ. “ვარდების რევოლუციის” დღეებში და გულწრფელად რომ გითხრათ – არც სააკაშვილის კუბოში “ჩადება” მომსვლია აზრად არასდროს.

ეს არაა პოლიტიკური მეთოდებით ბრძოლა.

ეს არც ზნეობრივი გზით დაპირისპირებას ჰგავს ოპონენტთან.

და არც ისაა ჟურნალისტიკაა, რასაც ჟურნალისტის მანტიაში გახვეული ზოგი უსახო და უსამშობლო აკეთებს.

 

საუბედუროდ, ბევრმა სახე დაკარგა დღეს.

“კანვასისა” თუ “ფრანკლინის კლუბის” გამოზრდილებმა და მათმა მეგობრებად ქცეულმა მტრებმა(!) ძალიან ბევრ ღირსეულ ადამიანს სახეც დააკარგვინეს და ნოდარ დუმბაძისეული შუბლის ძარღვიც გააწყვეტინეს.

მაინც იმედით ვარ.

დალაგდება ეს ქვეყანაც და ეს ხალხიც დაუბრუნდება ამ ქვეყანას.

ვისთვის ქვე-ყანას და ჩემთვის სამშობლოს!

 

არადა, დღეს გამოხატვის თავისუფლებაა მთავარი და ამ გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში თავისუფლად შეგიძლია დააბრალო ადამიანს ნებისმიერი რამ.

მერე მან იმართლოს თავი, – შენი რა მიდის?!

 

პოლიციელებთან პიროტექნიკითა და “მოლოტოვის კოქტეილებით” ბრძოლა, საჭმელში ჩაფურთხება, გინება და წყევლა, მცირეწლოვანი შვილების ბულინგი და სკოლებიდან აქციებზე გაყვანის მცდელობა, სხვადასხვა ზომისა და ფორმის კუბოების აქეთ-იქით ხრიგინი, პატრიარქისა და სამღვდელოების უბინძურესად მოხსენიება და ლანძღვა, ნებისმიერი ტრაგედიით მანიპულირება და უბედური შემთხვევების კონკრეტულ ადამიანებზე გადაბრალება, მაგიებისა და ჯადოშოუების მოწყობა საჯარო სივრცეში, შარვლის ჩახდა და უკანალის მიშვერა ნებისმიერი მიზეზით, გასაბერი ეკლესიებისა და სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალებების ლობირება და პიარი, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების უშვერი სიტყვებით გინება და ლანძღვა, ინტელიგენციისა და ავტორიტეტული ადამიანების დაკნინება და უღირსებად დახატვა, ე.წ. ოპოზიციის აქტიური მხარდამჭერებისა და ე.წ. ბაბლის “ლიდერებად” წარმოჩენა…

შორს წავალთ მსგავსი ჩამონათვალით.

ძალიან შორს.

ესაა სამშობლოს მტრებად ქცეულთა მთავარი გზავნილი საზოგადოებისადმი და სამწუხაროდ, ვიღაცებიც იჯერებენ ცხვრის ქურქში გახვეული მტაცებლების ფარისევლური ღიმილის მიღმა მიმალულ ავყიობას.

ზოგი ფინანსური მდგომარეობის გამო “იჯერებს” მსგავს იდეათა “კეთილშობილებას”, ზოგიც გულწრფელად არის ცვლილების მომხრე და ბრმა იარაღად ქცეულნი, შეუგნებლად უწყობენ ხელს თანამედროვე მტერთა ბოგინსა და ყორღანაშვილობას.

რამდენიმე ნაძირალა ამ ლიდერთაგან აქტიურ ბერბიჭაშვილადაც გადაიქცა და ვეღარც მალავენ ბინძურ ზრახვებს.

არადა, ხვალ ისევ თბილისში გავიღვიძებთ ყველა.

საბედნიეროდ, არც ირკუსტსკში დავლევთ დილის ყავას, არც ხაბაროვსკში გავახელთ თვალს, არც სვერდლოვსკი შეგვეგებება დილის საარით და საბედნიეროდ, არც კუბილიუსებისა და ჯოვილსონების მიერ ნაქებ, მოძალადე და შანტაჟით სავსე “ევროპებში” გამოგვაფხიზლებს ცხრათვალა მზე.

ისევ თბილისში გავიღვიძებთ, მცხეთაში, ბათუმში, თელავში, ქუთაისში, დმანისში, ჭოპორტში, გუდამაყარში…

ისევ ერთმანეთს უნდა შევხედოთ და ხვალ-ზეგ, ისევ ერთმანეთის მხარდამხარ უნდა ვუგულშემატკივროთ 26 მარტსა თუ 13 მაისს ხვალინდელ ხვიჩასა და ქოჩორაშვილს, მამარდაშვილსა და ტალახაძეს, სანიკიძესა და პეტრიაშვილს, ზივზივაძესა და ასანიძეს…

(იმ ასანიძეს, რომელიც, სხვათა შორის, პარლამენტის დეპუტატი გახლდათ სააკაშვილის პარტიული სიით და რომელიც დღეს მწვრთნელია ივანიშვილის სიით გასული ტალახაძისა!)

და ძალიან, ძალიან მწარედ ვინანებთ ამ დაკარგულ და ერთმანეთის მტრობით სავსე დღეების არსებობას.

P.S.

ხვალ ისევ მომინდება მერაბ სეფაშვილის “თეთრი რაშის” მოსმენა.

დავივიწყებ, რომ “ქართული ოცნების” ყველა მხარდამჭერი “ნახ*იზე” გაუშვა ამ ერთი თვის წინ. სააკაშვილს რომ უმღერა – “ჩემი გმირი გიწოდეო”, – ხომ დავივიწყეთ?!

ასე დაგვავიწყდება ესეც.

ნიკა რაჭველიც იდირიჟორებს ისევ ლიზა ბაგრატიონის კონცერტზე.

“ჩემი ცოლის დაქალებში” აღარ გააშრჟებენ მღვდლებს და გინებაც ქართული სიმღერებით შეიცვლება.

ნანი ბრეგვაძე ისევ მადლიერი იქნება ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების.

შუა ქუჩაში არცერთი ახალგაზრდა გოგო აღარ მოშარდავს და ვინმე “ვერძილაც” აღარ მიაფსავს დედაუნივერსიტეტის ეზოში რომელიმე წმინდანის საფლავს.

“ქოცების დედის ტყ*ნის დროაო” – აღარ იმღერებენ ანგელოზივით გოგო-ბიჭები.

ბესიკ ხარანაულიც აღარ იკითხავს – “სად არიან შვილებიო”…

სადღაც გულის სიღრმეში მინდა მჯეროდეს, რომ სოციალურ ქსელში პოლიტიკურ ინფორმაციებზე მეტად ლექსსა და სიმღერას “გავაშეარებთ”.

ტრამპის და პუტინის აზრები სულ ჭიჭევაშაძეზე გვეკიდება.

მეგის ქარდავა და მისნაირი ჯალათები პირწმინდად აგებენ პასუხს ჩადენილი სადიზმისთვის.

გიული ალასანიას მიერ მოპარული და კაპიკებში ნაყიდი “გეპეი” ისევ სტუდენტებისა იქნება.

სტუდენტები ისევ ომახიანად შემოსძახებენ ჰამლეტ გონაშვილის ხმით “მრავალჟამიერს” და მთაწმინდაზე, ყოველი წლის 5 იანვარს მუხლს მოიდრეკენ ექვთიმე თაყაიშვილის საფლავთან…

დამერწმუნეთ, დენდროლოგიური პარკი ისევ საქართველოში იქნება, ქველმოქმედის მიერ გადარჩენილი უნიკალური ძეგლები ისევ ქართულად იმეტყველებენ…

და იდგება ბიძინა ივანიშვილის მიერ აშენებული სამების ტაძარი მლოცველთათვის ისევ ავლაბრის მთაზე – როგორც ნიშანი და სვეტი ჩვენი ერთობისა და განუყოფლობისა.

როგორც სვეტიცხოველი დგას უბადლო ნიმუშად ქართული ხუროთმოძღვრებისა…”,- წერს მამაცაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები