გიორგი ვოლსკი: საუბარი უნდა იყოს იმაზე, ადამიანმა რა დააშავა და არა იმაზე, თუ რა პროფესიისაა, შეიძლება იყოს სპორტსმენი და შეიძლება „ტვ პირველის“ ჟურნალისტი, ამას მნიშვნელობა არ აქვს 

“რეალურად, ადამიანმა რა დააშავა, იმაზეა საუბარი და არა იმაზე, თუ რა პროფესიის არის. პროფესია შეიძლება იყოს სპორტსმენი და შეიძლება „ტვ პირველის“ ჟურნალისტი – ამას მნიშვნელობა არ აქვს. დააშავა? – პასუხი უნდა აგოს”, – ასე უპასუხა “ქართული ოცნების” წევრმა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირების მიერ „ტვ პირველის“ ოპერატორის დაკავებას შეეხებოდა.

მისი თქმით, თუ ფორმასთან დაკავშირებით რაიმე პრეტენზიები არსებობს, ეს ცალკე საკითხია და არსებობს ამისი სტრუქტურები, სადაც გაარჩევენ.

„გარჩევა როგორ ხდება იცით? – სად აღმოჩნდება – სასაფლაოზე, სადაც კლავენ, როგორც „თქვენები“ კლავდნენ თუ აღმოჩნდება დაკავების ადგილას, სადაც გამოძიების შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს. ამით უნდა გაარჩიოთ, ვინ და როგორ დააკავა. ფორმასთან დაკავშირებით რაიმე პრეტენზიები თუ არსებობს, ეს ცალკე საკითხია – არსებობს ამისი სტრუქტურები, სადაც გაარჩევენ, მაგრამ რეალურად, ადამიანმა რა დააშავა, იმაზეა საუბარი და არა იმაზე, რა პროფესიის არის. პროფესია შეიძლება იყოს სპორტსმენი და შეიძლება „ტვ პირველის“ ჟურნალისტი – ამას მნიშვნელობა არ აქვს. დააშავა? – პასუხი უნდა აგოს. თუ არ დაუშავებია, რასაკვირველია, მტკიცებულებათა გარკვეული ნაკრები უნდა არსებობდეს, რაც მისი ბრალეულობის დამადასტურებელი იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში უკანონობა იქნება ასეთი ნაბიჯი. მაგრამ, როცა მეკითხებით, როგორ უნდა გაარჩიოთ – გეუბნებით, როცა თქვენი პოლიტიკური „ლიდერშიფის“ წარმომადგენლები ადამიანს აკავებდნენ კი არა, პირდაპირ უნიღბოდ იჭერდნენ, სასაფლაოზე მიჰყავდათ და კლავდნენ – ამით უნდა გაარჩიოთ ისინი პოლიციას და კანონს ემსახურებოდნენ თუ კონკრეტულ ინტერესს და იმ სადისტურ სისტემას, რომელიც თქვენმა პოლიტიკურმა ლიდერებმა შექმნეს. ამით არის მთავარი გასარჩევი ნიშნები“, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები