„აუცილებელია ომის სამუდამო დასასრული და არა დროებითი“ – უოლცი საუდის არაბეთში გამართულ მოლაპარაკებებზე

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცი უკრაინაში ომის დასრულებასთან დაკავშირებით საუდის არაბეთში გამართულ მოლაპარაკებებს გამოეხმაურა.

უოლცმა მედიასთან საუბრისას ხაზი გაუსვა კონფლიქტის მუდმივი დასრულების აუცილებლობას.

„არსებობს რამდენიმე ძირითადი პრინციპი. აუცილებელია ომის მუდმივი დასრულება და არა დროებითი, როგორც ეს წარსულში ვნახეთ. ჩვენ ვიცით პრაქტიკული რეალობა, იქნება გარკვეული განხილვა ტერიტორიის შესახებ და იქნება განხილვა უსაფრთხოების გარანტიებზე. ეს არის ფუნდამენტური საფუძვლები, რომლებიც დაფუძნებულია და დაეფუძნება ნებისმიერი ტიპის დისკუსიას“, – განაცხადა უოლცმა.

ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება, დაასრულოს რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ და „დაასრულოს მკვლელობა, რომელიც მიმდინარეობს“.

„ეს [ომი] არ არის არც ერთი ქვეყნის ინტერესებში. ეს არ არის მსოფლიოს ინტერესებში და, რა თქმა უნდა, არ არის შეერთებული შტატებისა და ევროპის ინტერესებში. ასე რომ, ეს ყველაფერი წინ წაიყვანს მოლაპარაკებებს“, – დასძინა უოლცმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს აშშ-ის დელეგაციასა და რუს ოფიციალურ პირებს შორის რიადში, საუდის არაბეთში მოლაპარაკებები გაიმართა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე ერთმანეთს შეხვდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები