გივი მიქანაძე: იმ შემთხვევაში თუკი იქნება კონკრეტული პირების მხრიდან დაუმორჩილებლობა კომისიის კანონიერ მოთხოვნასთან დაკავშირებით, შესაბამისი უწყებების მხრიდან გატარდება კანონით განსაზღვრული ზომები

“ნებისმიერი პირის მხრიდან კომისიის მოთხოვნების დაუმორჩილებლობა, ეს იქნება გამოუცხადებლობა თუ გარკვეული ინფორმაციის გაზიარებაზე უარი, ეს არის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი და შესაბამისი სანქციაც აღნიშნულთან დაკავშირებით საკმაოდ მკაცრია”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა გივი მიქანაძემ დროებითი საპარლამენტო კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით “იმედის” ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი იქნება კონკრეტული პირების მხრიდან დაუმორჩილებლობა კომისიის კანონიერ მოთხოვნასთან დაკავშირებით, შესაბამისი უწყებების მხრიდან კანონით განსაზღვრული ზომები გატარდება.

„კომისია შეუდგა მუშაობას. რაც მთავარია და მნიშვნელოვანი, მთელი ეს პროცესი არის გამჭვირვალე. საზოგადოებას, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა, რომ თვალყური მიადევნოს განხილვებს, მსჯელობებს. კონკრეტულად, მოწვეული პირებისგან მიღებულ ინფორმაციას გაეცნოს.

ჩვენ ვნახეთ, რომ მიმდინარე კვირის ორშაბათს პირველი ასეთი სხდომები გაიმართა კომისიის ფარგლებში. კითხვები, რომელიც დაისვა, ეს არის, რა თქმა უნდა, საწყისი ეტაპის და იმ კითხვების ნაწილია, რომელიც არა თუ კომისიას, არამედ, საზოგადოების დიდ ნაწილს წლებია აწუხებს, აქვს სურვილი, რომ ამ კითხვებზე პასუხები მიიღოს. შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია დაიბაროს ნებისმიერი პირი შესაბამის კითხვებზე პასუხის მისაღებად. კომისიის თავმჯდომარემ ცხადად გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რაც ისედაც ყველასთვის ცნობილია, რომ ნებისმიერი პირის მხრიდან კომისიის მოთხოვნების დაუმორჩილებლობა, ეს იქნება გამოუცხადებლობა თუ გარკვეული ინფორმაციის გაზიარებაზე უარი, ეს არის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი და შესაბამისი სანქციაც აღნიშნულთან დაკავშირებით საკმაოდ მკაცრია.

ამიტომ, ეს ნორმალური და ბუნებრივი პროცესია, რომ ნებისმიერი პირი, ვისთან კომუნიკაციითაც დაინტერესდება კომისია აუცილებლად გამოცხადდეს ამ კომისიაზე, მიაწოდოს მათთვის საინტერესო ინფორმაცია და უპასუხოს იმ კითხვებს, რაც კომისიის წევრებს გაუჩნდებათ. შესაბამისად, ამის საფუძველზე კომისიამ განაგრძოს თავისი მსჯელობა და იმ საქმეზე ორიენტირი, რა მიზნებითაც ეს კომისია შეიქმნა. მინდა ცალსახად ვთქვა, რომ იმ შემთხვევაში თუკი იქნება კონკრეტული პირების მხრიდან დაუმორჩილებლობა კომისიის კანონიერ მოთხოვნასთან დაკავშირებით, აუცილებლად შესაბამისი უწყებების მხრიდან გატარდება კანონით განსაზღვრული ის ზომები, რაც კონკრეტულ პირებთან მიმართებით კანონმდებლობით არის განსაზღვრული. ამიტომ, ის განცხადებები, რომელიც რიგი ადამიანებისგან გაჟღერდა საჯაროდ, რომ თითქოსდა ისინი არ აპირებენ თანამშრომლობას კომისიასთან ან არ აპირებენ კომისიის სხდომაზე მისვლას, თუკი ასეთი დაფიქსირდა, რა თქმა უნდა, ამას კანონის ფარგლებში მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები