„ვცდილობ სამყაროსგან ყველა შემოთავაზება მივიღო. როგორც კი ჩემი კარი ვიპოვე, წელიწად-ნახევარში 5 რომანი გამოვეცი“ – ექიმი და ხელოვანი, რომელიც მომავალს არასდროს გეგმავს

ცხოვრობს  გარდაბნის რაიონის  სოფელ ნორიოში. დაამთავრა  ნორიოს საშუალო სკოლა, შემდეგ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი; მოგვიანებით  მეორე ინსტიტუტი  ფსიქოლოგიის განხრით. პარალელურად სხვადასხვა სასწავლებელში ეუფლებოდა ხელოვნების  დარგებს (ქარგვა, ბისერი,  ოქრომკედი, ებრუ, თექა და ა,შ).  ბავშვობიდან წერს, თუმცა  სტუდენტობის წლებში დაწერილი მოთხრობები  და ნოველები არ გამოუქვეყნებია. ორი წლის წინ პირველად გამოსცა რომანი. არის რამდენიმე ნაქარგყდიანი წიგნის (რომანის) ავტორი.
თავისუფალ დროს  წერს და  ქარგავს. მისი შემოქმედება უკვე 5 გამოცემულ ნაქარგყდიან წიგნს მოიცავს: „სიკვდილის ყვავილი“; „იყიდე ბედნიერება“; „ტკივილი გარდასულ დღეთა“. „აკლდამათა საიდუმლო“; „როცა ზღაპარი მთავრდება“.
„იყიდე ბედნიერება“ (10 აქსიომა) – მეექვსე რომანია, რომელიც ეს-ესაა დაასრულა. ამბობს,რომ მისთვის ეს რომანი ძალიან ძვირფასია და უამრავ ადამიანს სამყაროს განსხვავებული კუთხით დაანახვებს.
წერასთან ერთად ემსახურება საყვარელ საქმეს: „მიყვარს ჩემი ხალხი და დღემდე ჩემს სოფელს ვემსახურები“.  –   ექიმის, კლინიკური ფსიქოლოგის, ხელოვანისა და პედაგოგის, ეკა უკლებას პერსონა.

– ნორიოში ცხოვრობთ… ბავშვობა. პირველი ნაწერები…
– ალბათ, არც ერთი კანონზომიერებით, ნორიოში არ უნდა მეცხოვრა, რადგან მამა დასავლეთ საქართველოდან (ზესტაფონიდან) იყო. სკოლა დიდედასთან ხაშურში დაამთავრა, იქ იზრდებოდა. შემდეგ უნივერსიტეტმა, როგორც წარჩინებული სტუდენტი, მივლინებით ნორიოს საჯარო სკოლაში ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებლად გამოაგზავნა.აქვე დარჩა, რადგან ულამაზესი გოგონა შეუყვარდა, ოჯახი შექმნა და ამ დიდი სიყვარულის ნაყოფი ვარ მეც.
ბავშვობის პირველი ნახევარი ლაღი და ლამაზი მქონდა. ბედნიერი ოჯახი, დედა, მამა,  ძმა,  ნათესავები და მეზობლები. სოფელში გაზრდილი ბავშვისთვის სხვა სამყაროა, სხვა თავისუფლება, სივრცე მეტია, ბუნებასთან ახლოს ხარ, მცენარეებთან, ცხოველებთან, თითქოს მათი ენა გესმის, მათი სუნთქვა და სილამაზე შენთვის ნაცნობი და ჩვეულია.  ამიტომ პირველივე წუთიდან, როცა ამ სამყაროს მაჯისცემას უგდებ ყურს, შეუძლებელია, ეს ყველაფერი თავისებურად არ დაინახო…
 პირველი ლექსი მაშინ ჩნდება, როცა წერაც კი არ ვიცი, პირველი ნოველა  და ზღაპარი კი – დიდედას (მამაჩემის ბებიის მოხუცი ქალბატონის) მარიამის ზღაპრებთან ერთად… როცა ზღაპრების გარეშე დღეს ფერები აკლია და უკვე ეჯაჭვები ამ ისტორიებს. თუ დიდედა დაღლილია, მამა აგრძელებს. მახსოვს სქელტანიანი „ვეფხისტყაოსნის“  ულამაზესი ილუსტრირებული წიგნი, საიდანაც მამა  შემოკრებილ ბავშვებს საოცარ პოემას გვიკითხავს და გვინმარტავს  შინაარსს. სულმოუთქმელად ვუსმენთ… სარკმელში საღამო იფერფლება, ღუმელი სევდიანად ღიღინებს და ჩვენ – ბავშვები გაფაციცებით ვისრუტავთ თითოეულ წინადადებას… ჩვენს გონებაში  უკვე საარაკო თავგადასავალი, საოცარი მოგზაურობა იწყება.  ლექსებსაც და უსუსურ მოთხრობებსაც, რომლებიც მაშინ  ჩემს გონებაში იბადება, მამას ვუყვები, მამაა ჩემი მესაიდუმლე. მერე სკოლაში შევდივარ და  უკვე დამოუკიდებლად ვწერ პატარ-პატარა უცნაურ ამბებს  – ყვავილებზე, კატებზე, ჩიტუნებზე…
ასეთი უდარდელია ჩემი ბავშვობა, მაგრამ 12 წლის ასაკში, ყველა ოცნება, ყველა ნატვრა ხელში მეფშვნება… მამა  მოულოდნელად ჩემი ცხოვრებიდან მიდის – ჩემ თვალწინ ინფარქტით კვდება. დედაც არ არის სახლში…  გაუგებრობაში ვარ, არ ვიცი, რა ხდება, ისიც არ ვიცი, რომ 12 წლის ასაკში როგორ შეიძლება პატარა გოგომ ნახოს, როგორ კვდება მისთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი, როგორ ამოსდის სული უცებ, 5 წუთში… ეს სიკვდილთან ჩემი პირველი შეხვედრაა,  ცხოვრებისგან პირველი სასტიკი დარტყმა, ყველა ოცნება კვდება, მიწაზე ვენარცხები. არადა, როგორ გინდა, 12 წლის გოგომ, რომელსაც უცებ ფრთები მოამტვრიეს, ცხოვრება განაგრძო? როგორ უნდა იარო იმ სკოლაში, სადაც მამა ასწავლიდა, იმ კლასში შეხვიდე, სადაც ობოლი მარტო შენ გერქმევა? ან იმ სახლში შეაბიჯო, სადაც დედა მუდმივად  ტირის?  ჯოჯოხეთი ქვესკნელში კი არა, აქ, დედამიწაზეა, დეპრესიაში ვარ.  ტკივილი, რომელიც ჩემი მეგზური ხდება, თავს არ მანებებს და  ეს საშინელი მონატრება… მე „მამას გოგო“ უკვე ვეღარასოდეს ვიქნები და ამ სიტყვასაც უკვე აღარასოდეს, აღარავის ვეტყვი.
ეს ისეთი ტკივილია, რომ არ ამოუშვა შენი სხეულიდან, გული  გაგისკდება, გაგანადგურებს… უკვე ვეღარ ვჩერდები, ამ განცდების  და ემოციების გადატანა ხდება ფურცლებზე, სხვანაირად შვებას ვერ ვგრძნობ. 12 წლის გოგო უკვე ასაკოვან ადამიანად ვიქეცი. ამბობენ დრო კურნავსო, მაგრამ ბავშვობის ტრავმა არასოდეს გტოვებს, ის შენს ქვეცნობიერში ილექება და დროდადრო  თავს გახსენებს. ბავშვობა 12 წლის ასაკში მთავრდება. ხუთიოდე წელში კი ქვეყანაც ირევა… 9 აპრილი…. არეულობა… მერე შიმშილი… ომი… სათქმელი და დასაწერი იმდენია…. სულ ვწერ, ეს ერთადერთია, რაც შემიძლია…– სამედიცინო უნივერსიტეტის გარდა ფსიქოლოგიური ფაკულტეტიც დაამთავრეთ. პარალელურად წერდით, მაგრამ არ აქვეყნებდით…
– მამის სიკვდილის გამო ჩემს თავს ვპირდები, რომ აუცილებლად ექიმი გამოვალ და ადამიანებს დავეხმარები. ვაბარებ  სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში… პროფესიას  12 წლის ასაკში ვირჩევ… სოფელში მუშაობის  პროცესში უამრავი პაციენტია, ბევრი  კი – ონკოლოგიური პაციენტი…. ვუყურებ მათ და ვიცი, შველა არ შემიძლია, ერთადერთი სიტყვები რჩება… სიტყვებს კი ცოდნა, სხვანაირი მიდგომა  უნდა. 36 წლის ასაკში მაგისტრატურაში  ვაბარებ თამარ მეფის სამედიცინო უნივერსიტეტში – ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე.  ეს ცოდნა მეხმარება წერაშიც, სამყაროს უფრო ღრმად შეცნობაში…
– ნოველა „აღსარება“ 23 წლისამ დაწერეთ, არ გამოგიქვეყნებიათ… ამ გადასახედიდან რას იტყოდით?
– „აღსარება“ და ბევრი სხვა ნოველა სტუდენტობის პერიოდში დავწერე, მხოლოდ რამდენიმე ჯგუფელს წავაკითხე, მათი აზრი მაინტერესებდა.მოგვიანებით, 3 წლის შემდეგ, ჯანსუღ ღვინჯილიასთან მივიტანე ჩემი რომანი და ნოველები…2 თვე აღარ მივსულვარ, მეშინოდა, ისეთი რამ არ ეთქვა, რომ მწერლობაზე გული ამეცრუებინა… ბოლოს გავბედე. ახლაც მახსოვს მარჯანიშვილზე, სანაპიროზე გამომცემლობის მეორე სართულზე, მისაღებში მდივანი ქალის ღიმილიანი სახე და ის კაბინეტი, სადაც ბატონი ჯანსუღი და რამდენიმე კოლეგა მაგიდასთან… ბატონი ჯანსუღი მაშინვე მცნობს, ფეხზე დგება და მიახლოვდება, მეკითხება – სად ხარ აქამდეო? ვწითლდები, რა უნდა ვუპასუხო… მერე მეორე კითხვას მაძლევს: რამდენი წლის ხარ? – ოცდახუთის და ისევ ვწითლდები, თავი საშინლად დიდი მგონია და მრცხვენია ჩემი ასაკის გამო.  მოხრილი ვდგავარ და  ვერ ვბედავ, რომ კრიტიკოსს შევხედო… „ნიჭიერი გოგო ყოფილხარ“ – მესმის ისევ მისი სიტყვები… ის  აგრძელებს… მე „ცისკარში“ გაგაგზავნი,  ფურცლებზე ამოაბეჭდინე ტექსტი და  მიიტანე, იქ ზაურ კალანდიაა რედაქტორი… გასწავლი, როგორ უნდა მიხვიდე… და მიხსნის, როგორ უნდა მოვხვდე ვერცხლის ქუჩაზე.  უკვე სიხარულისგან დავფრინავ…
2000 წელია. სოფელში  საბეჭდ მანქანაზე  მდივან ქალს ნოველების ამობეჭდვას ვთხოვ, რომანი კი დიდია, ვინ ამომიბეჭდავს?  4 ნოველა და მათ შორის „აღსარება“ მიმაქვს „ცისკრის“ რედაქციაში, იქ ჩემი რედაქტორი უკვე ბატონი მიხო მოსულიშვილია და ტექსტზე ერთად ვმუშაობთ, შენიშვნებს ვიღებ და ვასწორებ… ველოდები… რამდენიმე თვეში ჩემი ნოველები უკვე მზის სხივებს იხილავს… მაგრამ… უსახსრობის გამო რედაქცია იხურება და უკვე სასოწარკვეთილი ხელს ვიქნევ, ბრძოლას ვწყვეტ… ვდებ ხელნაწერებს მაგიდის უჯრაში და  გამოცემაზე აღარ ვფიქრობ.  ეს ნოველები ჩემი სტუდენტობის დროინდელი შთაბეჭდილებებია, არის ნამდვილიც და გამოგონილი ამბებიც, მოსმენილი ისტორიებიც, მე კი  ჩემებურად ვწერ, როგორც მიმაჩნია, რომ საინტერესო იქნება…
– ქარგვა… წერის პარალელურად ქარგავთ… თქვენს წიგნებს – „სიკვდილის ყვავილი“, „ტკივილი გარდასულ დღეთა“, „როცა ზღაპარი მთავრდება“,“ფოთოლცვენის სიო“, „აკლდამათა საიდუმლო“ თქვენივე დაქარგული გარეკანები აქვს. როგორ იქმნება ეს ნაქარგები?
– როცა განწყობა მაქვს, ვქარგავ. მინდოდა, რამდენიმე ნამუშევარი გამეკეთებინა და გამოფენა მომეწყო… 2022 წელს უკვე ჩემი სადებიუტო წიგნი „სიკვდილის ყვავილი“ უნდა გამოვიდეს და როცა ყდის დიზაინზე ვმუშაობ, უცებ მომდის აზრი, რაღა სხვა  მხატვრის ნამუშევარი, დაე, ეს წიგნი მთლიანად იყოს ჩემი, მთლიანად ჩემი სულის გამოძახილი…  ეს ნაქარგი საოცრად ესადაგება სათაურს…  აზრი მომწონს, მინდა „ნაქარგყდიანი“ წიგნები გამოვცე, რომლებიც  განსხვავებული და  ინოვაციური იქნება. იდეა ამართლებს. შემდეგ უკვე ვქარგავ რომანის სახელწოდების მიხედვით, რომელიც შესაბამისობაში იქნება სიუჟეტთან… უცხოა და საოცრად ლამაზი. წიგნის გარეკანს დიდი დატვირთვა აქვს, ჯერ თვალი იზიდავს პირველად მკითხველს, სილამაზე და ესთეტიკა მნიშვნელოვანია ჩემთვის.
– 5 რომანი ცოტა არ არის.. გაიხსენეთ პირველი რომანი და გზა დღემდე. როგორ იცვლებოდა სათქმელი რომანიდან რომანამდე? უმთავრესი საფიქრალი, რამაც კალამი აგაღებინათ?
– პირველი რომანია „ტკივილი გარდასულ დღეთა“. სწორედ ამ რომანის ხელნაწერი მქონდა ბატონ  ჯანსუღთან მიტანილი, რომელიც მას მოეწონა.  გაითვალისწინა რა ჩემი ასაკიც (22 წლის ასაკში დავიწყე მისი წერა), „ცისკარში“ მიხო მოსულიშვილსაც წავაკითხე და მითხრა, თუ შეძლებ, 100 ეგზემპლარი მაინც დაბეჭდეო, მაგრამ იმ წლებში წიგნის დაბეჭვდის კი არა, ხალხს ისე უჭირდა, საჭმლის ფული არ ჰქონდა და არც ამდენი გამომცემლობა და შესაძლებლობა იყო, როგორც დღესაა… თუმცა ეს ჩემთვის მუშაობის პროცესის ხელის შემშლელი სულაც არ გახლდათ, ვწერდი და ვწერდი… მაგიდის უჯრებიც ივსებოდა ჩემი ხელნაწერებით. უბრალოდ ეს იყო ჩემი ჩვეულებრივი ცხოვრების წესი, წერის გარეშე  აღარ შემეძლო… საფიქრალი და სათქმელი კი ბევრი იყო, დუხჭირი ცხოვრება, ავადმყოფობები, სიკვდილმისჯილი პაციენტების სევდიანი ამბები…
ბევრმა იცოდა, რომ ვწერდი და თვითონვე მიყვებოდნენ თავიანთ ისტორიებს, მახსოვს ერთმა პაციენტმა თავის დღიურიც კი მომიტანა და მთხოვა, მისი ცხოვრება რომანად მექცია. უნდოდა, თავისი ხარჯებით დაებეჭდა წიგნი. რომანი კი დავწერე, მაგრამ ჯერაც ხელნაწერად მაქვს, რადგან ქალი მალევე გარდაიცვალა და ვეღარ მოასწრო. ნიკო ლორთქიფანიძის თქმისა არ იყოს „მე არ შემიძლია გრძნობა გონება გავამახვილო დიდებულ ადამიანებზე, მე ვწერ უბრალო ადამიანებზე“.
.– „აკლდამათა საიდუმლო“ მისტიკური სათავგადასავლო ჟანრის რომანია.  მისი მოქმედი გმირია პეტრე იბერი – ალეგორია სიმბოლო საქართველოსი. რამ გიბიძგათ ამ რომანის დასაწერად?
– ეს უკვე ახალი რომანია, რომელიც „პალიტრა L“-ის კონკურსში  – „გახდი ბესტსელერის ავტორი“ – ორივე ტურში 7 ადგილზე გავიდა.  რომანი რამდენიმე წიგნად მინდა გამოვცე, ჯერ მხოლოდ პირველი წიგნი გამოვიდა… საუკუნოვანი სევდა, რომელიც ჩვენს ქვეყანას სულ ფეხდაფეხ დასდევს, საშიშროებები და განსაცდელი… მე შევეცადე საქართველო ერთი ადამიანის, ერთი კაცის სახით გამეცოცხლებინა, რომელსაც მუდმივად კლავენ, სტკენენ, ამცირებენ, მაინც დგება და წინ მიდის… მისტიკურია რომანი და ბევრი უჩვეულო რამ ხდება იქ, მაგრამ თეთრი მტრედი, როგორც სიმბოლო  მშვიდობის და თავისუფლების,  რომანს თან სდევს, როგორც იმედი, რომ ყველაფერი საუკეთესო წინაა… ახლა მეორე წიგნზე ვმუშაობ… დალხენილ ცხოვრებაზე არავინ წერს, წერენ მაშინ, როცა სათქმელი ბევრია….
– საყვარელი წიგნი ან  სიტყვა, რომელმაც ახალი სამყარო აღმოგაჩენინათ?
– იმდენი წიგნი მომწონს და მიყვარს… უფრო საყვარელ მწერლებს გამოვარჩევდი, რომლებიც ძალიან ჩემია – მარკესი, დოსტოევსკი,სტივენ კინგი… არსებობისთვის ყველაზე საჭირო სიტყვაა – „ტრანსფორმაცია“ – ანუ მუდმივი განახლება და აღდგენა,ყოველი დაცემის შემდეგ…საყვარელი ფრაზაა „არასოდეს თქვა, არასოდეს“.
– საყვარელი პერსონაჟი რომანებიდან?
– გამორჩეული პერსონაჟი არ მყავს, რადგან  მთავარი გმირები მე ან ჩემ გარშემო მყოფი ადამიანები არიან. ამდენად, ყველა  გმირი ჩემი სულის ნაწილია… ისინი ჩემი ტკივილის და სიხარულის ნამცეცებებია – სხვადასხვა დროს, განზომილებასა და სიტუაციაში…
– შეისწავლეთ ხელოვნების სხვადასხვა დარგი – ქარგვა, ბისერები, ხევსურული, ოქრომკედი, თექის დამუშავება, ებრუ, მოვარაყება, მინიატურა, კერამიკა…
– ბავშვობიდანვე მიყვარდა ხელოვნება. მახსოვს ბებიას მივუჯდებოდი გვერდით და მთელი საათი ვუყურებდი როგორ  ჩეჩავდა მატყლს, ართავდა ძაფს,  მერე ამ ძაფისგან თბილ-თბილ წინდებს გვიქსოვდა. დედაც ქსოვდა კარგად, მეც სულ მინდოდა მესწავლა. 90-იანი წლების იმ მძიმე პერიოდში, როცა სტუდენტი ვიყავი ნორმალური სამოსიც კი არ იყიდებოდა, არადა, გვინდოდა რამე ლამაზი გვცმოდა.
ერთ დღესაც სამედიცინო უნივერსიტეტის დეკანატში სახელმძღვანელოების საყიდლად ავედი და  წიგნის მაღაზიაში, სრულიად შემთხვევით, საქსოვი ჟურნალი აღმოვაჩინე, შევიძინე და ქსოვა ვისწავლე. ისე გულმოდგინედ ვქსოვდი, რომ პირველი ჯემპრიც ულამაზესი ორნამენტებით,  პირველი კურსის მეორე სემესტრში ჩავიცვი, იმდენად ლამაზი იყო, ყველა მეკითხებოდა, სად იყიდეო?
ძალიან მსიამოვნებდა, როცა ვეუბნებოდი, რომ თავად მოვქსოვე. მოგვიანებით კი სამების სალავრო სკოლაში პროფესიონალურ დონეზე 7 წლის განმავლობაში ვსწავლობდი ქარგვას, ყაისნაღს, ოქრომკედს, ხევსურულს… ბევრ ნამუშევარს ვყიდდი, ვჩუქნიდი, გამოფენებზე გამომქონდა. ებრუ, მინიატურა, მოვარაყება და კერამიკა კი „იუნუს ემრეს“ ინსტიტუტში თურქულ ენას რომ ვსწავლობდი, იქ შეგვასწავლეს, იქაც ყოველი კურსის გავლის შემდეგ გამოფენებს ვაწყობდით… თექას პროფესიულ სასწავლებელში დავეუფლე და უამრავი ნივთი შევქმენი, შარფებს და პანოებს ვაკეთებდი სწავლის პროცესში. ანუ მომწონდა, როცა საკუთარ თავს სამოსითაც და სამკაულითაც თავად ვმოსავდი და ჩემ გარშემო იყო ჩემივე შექმნილი ნამუშევრები.– ერთი ნაწარმოების ისტორია…
– მაგონდება 2000 წლის ზაფხული. ისეთი საშინელი  გვალვა იყო, წვიმის წვეთს ვნატრობდით, მით უფრო, რომ სოფელში ყოველთვის იყო სასმელი წყლის  დეფიციტი… მახსოვს, მეზობლის მოხუცი ქალები შეიკრიბნენ და „ელიაობა“ მოაწყვეს, რაც იმაში მდგომარეობდა,რომ საგანგებოდ ჩაცმული მოხუცი ქალბატონები კარდაკარ დადიოდნენ და ელიას სახელით ფულს ითხოვდნენ ციკნის საყიდლად, რომ შეეწირათ და სანაცვლოდ წვიმა ეთხოვათ ბუნებისთვის, მთხოვნელებს კი მასპინძელი წყალს ასხამდა. ასე სიმღერ-სიმღერით, ხუმრობა-ხუმრობით ჩამოიარეს სოფელი, თხაც იყიდეს, დაკლეს და იქეიფეს. გაგეცინებათ და მალე მართლაც გაწვიმდა, ეს  ისტორია გამოვიყენე „სიკვდილის ყვავილის“ ერთ-ერთ მთავარ სცენაში.
– ნორიოში მუშაობთ, ექიმი ხართ. გიყვართ თქვენი საქმე. როგორ ასწრებთ წერას, ქარგვას, ექიმობას, სხვა საქმეებს?
– სხვადასხვა დროს სხვადასხვა ადგილზე ვმუშაობდი, მაგრამ სოფელში მუშაობა არასოდეს შემიწყვეტია… ჩემი აზრით, როცა გიყვარს ის, რასაც აკეთებ, ეს სამუშაო სულაც არ არის…  პარადოქსია თითქოს, მაგრამ რაც უფრო დატვირთული ხარ, უფრო მეტს აკეთებ, წლების განმავლობაში თბილისში ვმუშაობდი  ჯერ რესპუბლიკის სანიტარიული ზედამხედველობის ცენტრალური ლაბორატორიის „ჯანმრთელობა“ –  დირექტორის  მოადგილედ, შემდეგ ვსწავლობდი ჯერ სამებაში, შემდეგ – ფსიქოლოგიურ ფაკულტეტზე მაგისტრატურაში, შემდეგ იუნუს ემრეს ინსტიტუტში თურქულ ენას და ხელოვნების დარგებს, შემდეგ პროფესიულ სასწავლებელში თექას,  შემდეგ უკრაინის ინსტიტუტში  ანატომიის (და სხვა სამედიცინო დისციპლინების) ლექტორი ვიყავი…. მაგრამ სოფელში პარალელურად სულ ვმუშაობდი… პაციენტებთან ურთიერთობა ძალიან მიყვარს, ვიცი, რომ  მათთვის დახმარება შემიძლია და ეს საოცარი გრძნობაა….
– მეექვსე რომანიც დაასრულეთ…როდის გამოიცემა?
– ეს  რომანი „პალიტრა L“-ის კონკურსში მონაწილეობდა. რომანი ყველა სხვა მისი წინამორბედისგან განსხვავებულია. უფრო ფსიქოლოგიური ხასიათისაა.  ფსიქოლოგიური დებულებები მოსაწყენი რომ არ გამხდარიყო მკითხველისთვის, პარალელურად საინტერესო ისტორიაც ერთვის. მინდოდა ის, რაც წლების განმავლობაში გავიგე და შევისწავლე, მკითხველისთვისაც აქსიომების სახით ჩამომეყალიბებინა. ვიღაცისთვის ეს რომანი შეიძლება გზის მაჩვენებელ კომპასადაც  კი იქცეს. თუნდაც ერთი რჩევაც რომ გაითვალისწინონ ამ წიგნიდან, ჩავთვლი, რომ მისია შესრულებულია.
– გამოფენები ჯილდოები… ნოველა „აღსარება“ რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსის პრიზიორი გახდა.
– ადრე სამების საგამოფენო სივრცეში  ხშირად ვმონაწილეობდი, შემდეგ კი იუნუს ემრეს ინსტიტუტში გვქონდა გამოფენები, რამდენჯერმე ჩემი ნამუშევრები საზღვარგარეთაც წაიღეს მეგობრებმა, შარშან ონლაინ  გამოფენაშიც მივიღე მონაწილეობა. ჯილდო არის სერტიფიკატები და დიპლომები,რომლებიც საკმაოდ ბევრი მაქვს, წელს ნოველამაც მომიტანა დიპლომი და არაჩვეულებრივი პრიზი – ცნობილი მხატვრის ქ-ნ ლელა ტაბლიაშვილის  ნამუშევარი. კონკურსში სრულიად შემთხვევით მივიღე მონაწილეობა და დიდად გამარჯვების იმედიც არ მქონია,  ეს პრიზი ჩემთვის სასიამოვნო მოულოდნელობა გახლდათ. კიდევ ერთი ჯილდო მივიღე ზაფხულში – ჩემმა მადლიერმა პაციენტმა მხატვარმა თავის  ნამუშევარი მისახსოვრა საჩუქრად, ესეც მოულოდნელი პრიზი იყო… ასევე ჩემმა პატარა მკითხველმა „სიკვდილის ყვავილი“  რომ წაიკითხა, თავის შთაბეჭდილებები დახატა და ნახატი გამომიგზავნა, საოცარი სიურპრიზი იყო… ისე კარგი ამბები ყოველთვის დაუგეგმავად, მოულოდნელად ხდება.
– წინასწარი გეგმების შედგენა არ გიყვართ… და მაინც, გკითხავთ, სამომავლო ჩანაფიქრი?
– მომავალს არასდროს ვგეგმავ, ყოველ შემთხვევაში, რამდენჯერაც დავგეგმე და როგორც დავგეგმე, არასოდეს  ისე არ მომხდარა. ვფიქრობ, უბრალოდ უნდა ვისწავლოთ აწმყოში ცხოვრება, ალბათ აქ  და ახლა არის ყველაზე სწორი მიმართულება. როცა კარზე აკაკუნებ და ის კარი არ იღება, რა ძალისხმევაც არ უნდა განახორციელო, ეს შენი კარი არ არის და არასოდეს გაიღება, გვერდით შეიძლება მეორე კარიც იყოს და დაკაკუნებაც არ დასჭირდეს, სულის შებერვაც საკმარისი აღმოჩნდეს, რომ კარი გაიღოს და ის ბილიკიც გამოჩნდეს, რომლითაც უნდა იარო.   როგორც კი ჩემი კარი ვიპოვე, წელიწად-ნახევარში 5 რომანი გამოვეცი, ასეა, ვცდილობ სამყაროსგან ყველა შემოთავაზება მივიღო და განვახორციელო. წინასწარ დაგეგმვა არ ამართლებს.
– ადამიანის მთავარი დანიშნულება ამ სამყაროში? წიგნის როლი ადამიანის ცხოვრებაში? რას უსურვებდით  მკითხველს?
– ადამიანი ყველაზე გულწრფელი  სწორედ მაშინაა, როცა რაღაც გამოცდის წინ დგას, რაღაც უჭირს,  ან რამე სტკივა… როცა ჩემთან მოდიან პაციენტები, მე მათ თვალებში სწორედ ამ გულწრფელობას ვხედავ, ამ უბრალოებას, რომელიც მათთან საუბრის დროს წარმოიქმნება. ყველა ადამიანი ცოცხალი წიგნივით უნდა წაიკითხო, გაშიფრო, გააანალიზო და ერთად დასახოთ გადარჩენის გზები. ადამიანის დანიშნულებაც განსაზღვრული გზის პოვნაა, იმ გზის, რომლითაც სხვებს ეხმარები. წიგნი ამ ცხოვრებაში კომპასის როლს ასრულებს და საშუალებას გაძლევს, სწორი მიმართულებით იარო…
როცა ვკითხულობთ, სამყაროს იმ დახურულ კარს ვაღებთ, რომელიც ჩვენი ცხოვრების ფარდის მიღმაა, გისურვებთ საინტერესო მოგზაურობას იმ იდუმალ სამყაროში, რასაც წიგნის კითხვით მოგვრილი სიამოვნება და აღმაფრენა ჰქვია.  მე ასე ვიტყოდი, რამდენ წიგნსაც წაიკითხავ,იმდენი ადამიანი ხარ, თვალსაწიერი გეხსნება და თავისუფლების შეგრძნებაც ჩნდება, თავისუფლება კი ბედნიერების საწყისია


თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები