Fox News: აშშ-მა და რუსეთმა უკრაინაში ომის დასრულების გეგმა შეიმუშავეს

რუსეთმა და შეერთებულმა შტატებმა რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად სამეტაპიანი სამშვიდობო გეგმა შეიმუშავეს,- ამის შესახებ იტყობინება Fox News-ი, საუდის არაბეთში მოლაპარაკებებთან ახლოს მყოფ უცხოელ დიპლომატებზე დაყრდნობით.

ერ-რიადში, აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციებს შორის გამართული მოლაპარაკებები ოთხ საათზე მეტხანს გაგრძელდა. მედიის ცნობით, შემუშავებული გეგმა გულისხმობს ცეცხლის შეწყვეტას, უკრაინაში არჩევნების ჩატარებას და მხოლოდ ამის შემდეგ, საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერას.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ჩამოყალიბდეს საკონსულტაციო მექანიზმი, რათა მოგვარებული იყოს ორმხრივ ურთიერთობაში გამაღიზიანებელი ფაქტორები. ამასთან, დაინიშნოს შესაბამისი მაღალი დონის ჯგუფები, რათა რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს მუშაობა უკრაინაში კონფლიქტის დამთავრების გზაზე ისე, რომ ეს იყოს მდგრადი, გრძელვადიანი და მისაღები ყველა მხარისთვის.

მედიის ინფორმაციით, მხარეებმა დღევანდელ შეხვედრაზე პირობა დადეს, შეინარჩუნონ ერთმანეთთან წვდომა, რათა გარანტირებული იყოს, რომ პროცესი წინ დროულად და პროდუქტიულად წავიდეს.

რუსეთის, შეერთებული შტატების ან უკრაინის წარმომადგენლებს ომის დასრულების გეგმის შესახებ ცნობებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები