შალვა პაპუაშვილი სალომე ზურაბიშვილის ინციდენტზე: რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მიუღებელი ფაქტია
“ეს არის მიუღებელი ფაქტი და ყველამ უნდა დაგმოს. და მეორე, ეს არის გარედან თავს მოხვეული სიძულვილის გარემო, რომელიც შექმნილია მათ შორის უცხოური დაფინანსების მილიონების ჩასხმით იმისთვის, რომ წაჰკიდონ საზოგადოება ერთმანეთს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სალომე ზურაბიშვილის მიმართ მომხდარ ინციდენტზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ეს ფაქტი არის მიუღებელი და დასაგმობი.
„რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მიუღებელი ფაქტია და მნიშვნელოვანი არის, რომ ასეთ ფაქტებზე ყველას ჰქონდეს შესაბამისი რეაგირება. მნიშვნელოვანი არის, რომ ამ მხრივ ყველამ გააცნობიეროს, განსაკუთრებით ეს ეხება დონორებს და ზოგიერთ ელჩს, რომელიც საქართველოში თესავს ზიზღის, აუტანლობის, განხეთქილების გარემოს. ამას აკეთებენ დაფინანსებით და ევროკავშირის ელჩი ვახსენე წეღან და ნაცვლად იმისა, რომ მორალი უკითხოს ქართველ ხალხს ევროკავშირის ელჩმა, ჩემი მოლოდინი იქნებოდა რომ ის გაასაჯაროებს ევროკავშირის თითოეულ ცენტს დაფინანსებისას საქართველოში. განსაკუთრებით ეს ეხება „ევროპის დემოკრატიის ფონს“, რომლის ფულიც ზუსტად რადიკალიზმის გაღვივებაში იხარჯება, რომლის ფული ექსტრემისტული ჯგუფების დაფინანსებაში იხარჯება. ეს ყველაფერი მან ძალიან კარგად იცის. ცენტებით იცის და პროექტებით იცის ევროკავშირის ელჩმა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას შემდეგ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კვერცხები, მიუნხენიდან დაბრუნებულ საქართველოს მე-5 პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსაც ესროლეს.