ჩანაწერი, რომელიც გიორგი ბაჩიაშვილმა წარმოადგინა, არაავთენტურია, აღენიშნებოდა არაერთი ჩარევის კვალი , – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, თემო წიქვაძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც ადვოკატი განმარტავს, მოწმე ნათია თურნავას დაკითხვით დადასტურდა, რომ საქმეში ბიძინა ივანიშვილი ინვესტორია.
„პირველი მოწმე, რომელიც სასამართლომ გამოჰკითხა, ეროვნული ბანკის დირექტორი ნათია თურნავა იყო, ამაზე განსაკუთრებულ აქცენტს თავად ბრალდებული ბაჩიაშვილი აკეთებდა. სრულად დადასტურდა ის პოზიცია, რომელიც ბიძინა ივანიშვილს და მე, როგორც მის წარმომადგენელს გაგვაჩნია. დადასტურდა ის, რომ ამ საქმეში ნამდვილად ბატონი ბიძინა ივანიშვილია ინვესტორი. დღეს რომ პრეტენზიები აქვს ბატონ გიორგის [ბაჩიაშვილს] იმასთან დაკავშირებით, რომ ეროვნული ბანკი მის წინააღმდეგ ბრძოლაშია ჩართული და მის წინააღმდეგ ხელოვნური მტკიცებულებების შექმნა ხდება, სიცრუეა. ამ საქმეში ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით დოკუმენტაცია თავდაპირველად საერთოდ არ იყო, ის, რომ ეს დოკუმენტაცია საქმეში გამოჩნდა, ბატონი ბაჩიაშვილის ზედმეტი ცნობისმოყვარეობის შედეგია. ეს ორ გარემოებას ადასტურებს, ერთი, ის, რომ მას არავინ ებრძვის და მეორე, ამ მტკიცებულებების გარეშეც, ამ საქმეს იურიდიულად არ უჭირდა. დღეს, რომ პრეტენზიები აქვს ბაჩიაშვილს, რომ ეროვნულმა ბანკმა პოზიცია დააფიქსირა და დაადასტურა ის გარემოება, რომ ამ საქმეში ივანიშვილი ინვესტორია, ეს საკუთარ თავს უნდა დააბრალოს.
ნათია თურნავამ თქვა, თუ რის საფუძველზე დაასკვნეს, რომ ინვესტორი ბიძინა ივანიშვილი იყო. საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციასთან ერთად, თურნავამ იმ მტკიცებულებებზე მიუთითა, რომელიც მას „ქართუ ბანკმა“, როგორც რეგულატორმა წარუდგინა. სასესხო ხელშეკრულებასთან ერთად, უზრუნველყოფის ხელშეკრულება იყო. როცა ბაჩიაშვილი ამბობს, სასესხო ხელშეკრულება მის ინვესტორობას ადასტურებს, ჰკითხეთ, სესხის ხელშეკრულებაში მისი პასუხისმგებლობა საიდან ვლინდება, სად ჩანს ამ სესხის ხელშეკრულებაში და იმ კომპანიის სტრუქტურაში, რომელიც ფორმალური, ნომინალური მსესხებელი იყო. თუ დეფოლტი დადგებოდა, ვისი პასუხისმგებლობა იქნებოდა? – ბატონი გიორგი ბაჩიაშვილი ძალიან ზოგად, არასამართლებრივ განცხადებებს აკეთებს, მაგრამ ეს მისი უფლებაა, თავს იცავს“, – განაცხადა წიქვაძემ.
მან ასევე ისაუბრა იმ ექსპერტის ჩვენებასთან დაკავშირებითაც, რომელმაც ბაჩიაშვილის მიერ წარმოდგენილ აუდიო ჩანაწერს ჩაუტარა ექსპერტიზა.
„რაც შეეხება ექსპერტის ჩვენებას, სპეკულაციები დასრულდა იმ თვალსაზრისით, რომ ის ჩანაწერი, რომელიც ბაჩიაშვილმა წარმოადგინა, არაავთენტურია, აღენიშნებოდა არაერთი ჩარევის კვალი და მისი არაავთენტურებიდან გამომდინარე, უკვე აღარ განიხილა შემდეგი საკითხები – ვისი ხმა იყო, იყო თუ არა ბიძინა ივანიშვილის, ბაჩიაშვილის ხმა და ა.შ. თუმცა, ბიძინა ივანიშვილისთვის და და ჩემთვის, როგორც მისი წარმომადგენლისთვის, ეს არსებითი მნიშვნელობის არ არის. ამ ფორმითაც და ამ შინაარსითაც, რაც ეს ჩანაწერია, ჩვენი პოზიცია დასტურდება. ბატონი ბაჩიაშვილისთვის არავის არ ჰქონდა კრედიტი დამტკიცებული, ის ამ კრედიტის მფლობელი არ იყო, ის ჩემი მარწმუნებლისგან, ბიძინა ივანიშვილისგან დაჟინებით ცდილობდა თანხმობა მოეპოვებინა კრედიტის მიღებაზე, რაც არ მოხდა და სრულიად საპირისპიროდ მოხდა. წარმოდგენილი არის არა ორიგინალი ჩანაწერი, არამედ ასლი“, – განაცხადა წიქვაძემ.